გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ The New York Times-ისთვის მიცემული ინტერვიუს გამო

1 day ago 1

გორის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უნდათ. მიზეზი დავით რაზმაძის მიერ The New York Times-სთვის მიცემული ინტერვიუს ის ნაწილია, რომელშიც რუსი ჯარისკაცები „მშვიდობისმყოფელებად“ არიან მოხსენიებული.

„მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგო, რომ გვყავს მოღალატე დავით რაზმაძე, რომელმაც უღალატა საკუთარ სამშობლოს. საქართველოს მოქალაქეების სისხლში ხელგათხვრილ ჯარისკაცებს უწოდა „მშვიდობისმყოფელები“, - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, როცა დავით რაზმაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე საუბრობდა.

„ლელო - ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ არა მხოლოდ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები მუდმივად აჟღერებენ საქართველოს ეროვნული ღირსების, ჯარისკაცებისა და ყველა მოქალაქის ღირსების შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

„მოვითხოვთ და ვემხრობით რაზმაძის იმპიჩმენტს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ზომა, რომელიც ახლა უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა პარტიის საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის სურვილი აქვთ პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“.

„ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს“, - წერია პარტიის განცხადებაში.

გუშინ, 20 აგვისტოს, The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „როგორ აღმოჩნდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის მოწინავე ხაზზე“. მასალის მომზადების დროს ჟურნალისტი ესაუბრა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს.

„ისინი აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ, და მადლობა ღმერთს რომ შემოვიდნენ, ვინაიდან მიშას [სააკაშვილი] ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, თუ დაიჯერებთ. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის, ისინი კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“... - სტატიის მიხედვით, ეს სიტყვები გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით თქვა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარეს The New York Times-თან გამოთქმული მოსაზრებების გამო თავის მართლება უწევს. დავით რაზმაძე ირწმუნება, რომ დამახინჯებულია მისი ციტატები.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე The New York Times-ის სტატიამდეც არაერთხელ მოექცა ქართული მედიის ყურადღების ქვეშ, თუმცა ძირითადად ანტიევროპული და სექსისტური განცხადებების გამო. წლების წინ კოლეგა ქალს გორის საკრებულოში მან „ქუჩის ქალი“ უწოდა. „ქართული ოცნების“ ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საუბრის დაწყება კი, მან რუსეთისა და პუტინის ხელისუფლების ქმედებებს გაუთანაბრა.

სრულად წაკითხვა