გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა – “მთავარი არხი“

1 day ago 2

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი, ალექსი მამულია და მისი თანმხლები პირი საოკუპაციო ძალებმა დააკავეს. ალექსი მამულიას და მის თანმხლებ პირს ე.წ. საზღვრის ჯგუფურად გადაკვეთას ედავებიან. ინციდენტი სოფელ ნიქოზთან მოხდა. საქართველოს მოქალაქეები დე ფაქტო მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ტელევიზიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. სამხედრო ექიმი, ალექსი მამულია ნათესავთან, ვანო ჯაფიაშვილთან ერთად გაიტაცეს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მოსაზღვრე სოფელში ცხოვრობს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმი ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ერთ-ერთი მოქალაქისთვის ოპერაციის გაკეთების მიზნით იმყოფებოდა.

ტელევიზიის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები ეხმარებოდნენ რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც თავი აარიდა სამხედრო სამსახურს და გადმოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სოფელში, სადაც გატაცებულები ბოლოს ნახეს, ადგილობრივები ორივე ვერსიას გამორიცხავენ. მათი თქმით, მამულია ვანო ჯაფიაშვილთან იყო სოფელში სტუმრად ჯაფიაშვილის მამის წლისთავზე. ისინი ჰყვებიან, რომ მამაკაცები საოკუპაციო ხაზს მხოლოდ იმ მიზნით მიუახლოვდნენ, რომ იქიდან ნათესავს ელოდებოდნენ, თუმცა ისინი გაიტაცეს.

სრულად წაკითხვა