WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის (FNF) კიდევ ერთი მსხვილი გერმანული ფონდია, კონრად ადენაუერის ფონდის შემდეგ, რომელმაც საქართველოდან გასვლის შესახებ განაცხადა.

2 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ფონდმა აღნიშნა, რომ საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისის ოფისი დახურა. ფონდის განმარტებით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებულმა შეზღუდვებმა მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი გახად. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა მისი განაცხადები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის პირობებში პროექტების დაფინანსების გაგრძელებას ითვალისწინებდა.

„საქართველოს მთავრობის ქმედებები FNF-ისთვის ქვეყანაში მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის“, — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

2025 წელს „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა უცხოელი დონორებისთვის ადგილობრივი გრანტების გაცემაზე მთავრობის სავალდებულო თანხმობის მიღების მოთხოვნა დააწესა, ხოლო 2026 წლის მარტის ცვლილებებმა ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გააფართოვა და ის უცხოური ორგანიზაციებიც მოიცვა, რომლებსაც საკუთარი ადგილობრივი ფილიალებისთვის დაფინანსების გამოყოფა სურდათ.

ფონდმა, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან საქმიანობდა, განაცხადა, რომ ეს „გარდაუვალი“ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მათ მიმდინარე წელს, „გრანტების შესახებ“ კანონის შესაბამისად, პროექტების დაფინანსებისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან მუშაობის გაგრძელების თაობაზე განაცხადები წარადგინეს, თუმცა „საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა და ყველა აქტივობაზე შესაბამისი თანხმობა მიღებულიყო“. FNF-ის თქმით, მსგავსი პირობები „ფუნდამენტურად არღვევს მოქმედების იმ თავისუფლებას, რაც ლიბერალური ფონდისთვის აუცილებელია“.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მანამდე ცდილობდა, „ამოეწურა ყველა შესაძლებლობა“ საქართველოში საქმიანობის გასაგრძელებლად და „მხარი დაეჭირა იმ ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლის ერთგულნი არიან“, თუმცა „ეს განაცხადი 2026 წლის 28 ივლისს უარყვეს“.

„შესაბამისად, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ისეთი საქმიანობის შესაძლებლობას, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს შეესაბამება“, – აღნიშნა ფონდმა.

ფონდმა განაცხადა, რომ საქართველო ადრე „იმედისა და დემოკრატიული პროგრესის სიმბოლო“ იყო და ხაზი გაუსვა, რომ „კვლავაც გვერდში დაუდგება ყველა იმ ქართველს, ვინც საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრების ერთგულია“.

FNF-მა მადლობა გადაუხადა თავის თანამშრომლებსა და პარტნიორებს და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში „ბევრ მათგანს მზარდი პირადი რისკების გაწევა უწევდა, როდესაც საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული ლიბერალური წესრიგისთვის მუშაობდნენ“.

„ამიტომ, ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს“.

This post is also available in: English