„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

4 days ago 7

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 16 აპრილს მესამე და საბოლოო მოსმენით „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლებიც უცხოელ დონორებს ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის თანხების გაცემამდე მთავრობისგან თანხმობის მიღებას ავალდებულებს. ცვლილებების თანახმად, გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. ცვლილებები „ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში.  

ცვლილებების მიღებას საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების კრიტიკა მოყვა, რომელთაც შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ცვლილებები რეპრესიულია და კიდევ უფრო ამცირებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოში.

„სამოქალაქო საქართველო“ ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს გთავაზობთ:

მარტა კოსი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში: „ღრმა წუხილს გამოვთქვამ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ, ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებისგან დამაშორებელ კიდევ ერთ ნაბიჯთან დაკავშირებით. დღეს მიღებული კანონი  სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს და არსებულ რეპრესიებს გააძლიერებს. ასეთი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს“.

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: „დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს. ნაჩქარევად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას ემატება. ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებს“.

რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუველი ევროპარლამენტარი: „საქართველო უფრო ღრმად იძირება ავტორიტარიზმში. „ქართული ოცნების“ მიერ თავსმოხვეული კანონი აიძულებს საერთაშორისო დონორებს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის ან სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებამდე მთავრობის თანხმობა მიიღონ. ევროკავშირის ან უცხოური დახმარება ვეღარ მიაღწევს დამოუკიდებელ ხმებამდე, თუ ამას არ დათანხმდება სწორედ ის რეჟიმი, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს“.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი: „ქართული ოცნების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის ჩახშობისკენ მიმართული მორიგი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც სცილდება ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს. პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება მკაფიოდ დამოუკიდებელი აქტორია“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ნორვეგია ღრმად არის შეშფოთებული „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით, რაც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიასა და დამოუკიდებლობას. მოვითხოვთ მის გაუქმებას“.

რიჰარდს კოლსი, ლატვიელი ევროპარლამენტარი: „საქართველო ავტორიტარიზმში იძირება. „ქართული ოცნების“ ახალი კანონი ბლოკავს უცხოურ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის – თუ ამას არ დათანხდება რეჟიმი, რომელის მის გაჩუმებას ცდილობს. ეს არის სახელმწიფოს მიტაცება, ზუსტად ლუკაშენკას თამაშის წესებიდან. ევროპარლამენტმა საქართველოს 2024 წლის არჩევნები არალეგიტიმურად ცნო და წლის მანძილზე ახლის ჩატარებისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის სრული გადატვირთვა და არანაირი ილუზია „ქართული ოცნების“ განზრახვების შესახებ“.

ნატალი ლუაზო, ფრანგი ევროპარლამენტარი: „ძვირფასო კაია კალას, საქართველოს დემოკრატიული კოლაფსი დიდი ხნის განმავლობაში დაუსჯელია. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს ხალხს გავრცელებული ტირანიის წინააღმდეგ. თუ არ ვიმოქმედებთ, რატომ უნდა გვენდონ ისინი?”

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა