გრეტა თუნბერგმა და აქტივისტებმა ნავთობის მოპოვებისადმი პროტესტის ნიშნად ოსლოს მთავარი ქუჩა გადაკეტეს

1 day ago 2

21 აგვისტოს ნორვეგიის დედაქალაქის, ოსლოს მთავარი გამზირი და ბანკის ფილიალი გადაკეტეს გრეტა თუნბერგმა და კიდევ 100-ზე მეტმა კლიმატის აქტივისტმა, პოლიციისა და ორგანიზატორების თქმით, ნორვეგიის ნავთობის მრეწველობის შეჩერების მოთხოვნით.

ეს აქცია ჯგუფის 36-საათიანი პროტესტის შემდეგ ჩატარდა. მანამდე მოხდა ნორვეგიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ბლოკირება.

„DNB-ის მთავარ ბანკთან, კარლ იოჰანის მთავარ გამზირზე, 100-ზე მეტი აქტივისტია“, - განუცხადა AFP-ს შუადღისთვის ოსლოს პოლიციის ოპერაციების ლიდერმა ანდერს აასმა და დასძინა, რომ პოლიცია ადგილზე სიტუაციას აკვირდებოდა. „მათგან თექვსმეტი შევიდა ბანკში, მაგრამ მათ გასვლა მოსთხოვეს“, - თქვა მან.

არავინ დაუკავებიათ.

პროტესტი ორგანიზებული იყო Extinction Rebellion-ის (“ამბოხება გადაშენების წინააღმდეგ” - ბუნების დამცველების მიერ ბრიტანეთში დაარსებული არაძალადობრივი მოძრაობა) მიერ.

ორგანიზაცია Reclaim the Future-ის განცხადებაში, რომელიც ასევე მონაწილეობდა პროტესტში, ნათქვამია, რომ DNB (უდიდესი ბანკი ნორვეგიაში, მისი 37 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის) არის „სკანდინავიაში ყველაზე დიდი ინვესტორი წიაღისეული საწვავის მზარდ მრეწველობაში“.

არსებული ცნობით, ბანკში მყოფმა დემონსტრანტებმა გაშალეს ბანერები, გაიძახოდნენ ლოზუნგებს და გამოვიდნენ სიტყვით, რომლითაც ნორვეგიისგან ნავთობისა და გაზის მრეწველობის თანდათანობით შეწყვეტას მოითხოვდნენ.

„ჩვენ აქ მთელი ევროპიდან მოვედით, რათა ნათელი მოვფინოთ იმ ძალადობას, რომელსაც წიაღისეული საწვავის ინდუსტრია ყოველდღიურად ახორციელებს ყველა ცოცხალი არსების წინააღმდეგ“, - განაცხადა 23 წლის შვედმა აქტივისტმა რუფუს რუნემ.

„ჯერ ჩვენ მოვაწყვეთ ნორვეგიის ყველაზე დიდი ბლოკადა წიაღისეული საწვავის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ახლა კი ყურადღება ფინანსურ ინსტიტუტებზეა, რომლებიც მათ სასიკვდილო ოპერაციებს უწყობენ ხელს“.

ნორვეგიას, დასავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის უდიდეს მწარმოებელს, რეგულარულად აკრიტიკებენ წიაღისეული საწვავის უზარმაზარი წარმოების გამო.

ოსლო ამტკიცებს, რომ მისი ინდუსტრია უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს და ავითარებს ტექნოლოგიას. მთავრობა ხაზს უსვამს ევროპაში სტაბილური ენერგიის მიწოდების გარანტირების მნიშვნელობას.

Equinor-მა, რომელიც Mongstad-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს და თავად ნორვეგიის სახელმწიფოს საკუთრებაშია, განაცხადა, რომ აპირებს ქვეყანაში ნავთობის წარმოების სტაბილურად შენარჩუნებას 1,2 მილიონი ბარელის დონეზე დღეში 2035 წლამდე და ვარაუდობს, რომ 2035 წლისთვის წელიწადში 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წარმოებას შეძლებს.

სრულად წაკითხვა