გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

3 hours ago 4

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ლილუაშვილს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა 2025 წლის აპრილში გადადგომამდე, ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქრთამის აღების პირველი შემთხვევა 2022 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც ლილუაშვილმა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა „მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.

მეორე ეპიზოდი 2022 წლის თებერვალში მოხდა, როდესაც ლილუაშვილმა, კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.

გვარაკიძის თქმით, მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც „მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი“. „ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა“, – აღნიშნა გვარაკიძემ.

„აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო“, – დასძინა გენერალურმა პროკურორმა.

რაც შეეხება მეოთხე ეპიზოდს, გვარაკიძის თქმით, ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.

„ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ“, – დასძინა გვარაკიძემ.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა