ნიუ იორკში მიმდინარე კინოფესტივალზე Triborough Film Festival (“ტრაიბოროუ კინოფესტივალი”) წარდგენილია ქართველი რეჟისორისა და პოეტის ზაზა კავთუაშვილის ფილმი “გუდიანი კაცი”.
ზაზა კავთუაშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა და იგი იმ “ბრალდებულთა სიაში” აღმოჩნდა, ვისაც ქართული მართლმსაჯულება “მართლწესრიგის დარღვევას” (174 პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტი – შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევა) ედავება. ზაზა კავთუაშვილის სასამართლო (მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი) ამა წლის 18 მარტსაა ჩანიშნული. ამის მიუხედავად იგი დღესაც ყველა აქციაში, ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობს.
ამ დროს კი ნიუ იორკში მის ფილმს, რომელიც საქართველოს 1990 – იანი წლების, სამოქალაქო ომის ერთგვარი შემჭიდროვებული ხატია, მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ნანიკო კვარაცხელია წარადგენს. ფილმს “გუდიანი კაცი” დღეისათვის აქვს ესტონეთის ანტი საომარი ფილმების ფესტივალის ოფიციალური სელექცია; ინდოეთის კალაკარისა და კალაბურაგის კინოფესტივალის ნახევარფინალი და ნიუ იორკის ტრაიბოროუ კინოფესტივალის ოფიციალური სელექცია.
“რა თქმა უნდა მხნედ ვარ და ასე ვიქნები ბოლომდე. ნიუ იორკში ფილმის პრეზენტაციაზე იმიტომ არ წავედი, რომ არ მინდოდა საქართველოში საპროტესტო აქციის არც ერთი დღე გამომეტოვებია. დამოუკიდებელი კინოპროქტი “გუდიანი კაცი” 2013 წელს დავიწყეთ და 2023 წელს დავამთავრეთ. “თუ გაგიმართლა და შენზე სუსტს იპოვი”, “ეძიე სუსტი, რომ ძლიერი გამოჩნდე”, “დაჩაგრე, რომ საკუთარი სისუსტე დაფარო”, “საკუთარი კომპლექსები სხვის დამუნათებაზე ალესო”… ეს სიტყვები ფილმში მუდმივად გაისმის. “გუდიანი კაცის” მთავარი სათქმელი ისაა, რომ 90 – იანი წლების ნაძირლები თარეშს დღესაც აგრძელებენ და დაუცველ ადამიანებს არსებობას უმწარებენ. ძალადობის ფორმების ტრანსფორმაციის მიუხედავად, საქართველოში ძალადობის “ინდექსი” კვლავ “თავის სიმაღლეზეა”. ათი წლის მანძილზე ფილმმა არა თუ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, არამედ – უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე. მით უფრო, რომ მთავარი ხაზი ქალზე ძალადობაა, როგორც ფილმის 90 – იან წლებში მომდინარე ეპიზოდში, ისე – ჩვენს დროში მიმდინარე სცენებში.
დღეს მეოცე დღეა ვუყურებთ, როგორ ძალადობს უსამართლო რეჟიმი მზია ამაღლობელზე. გუდიანი კაცების სათარეშოდ გადაქცეული საქართველო ძალიან მძიმე დღეშია. ჩვენი ქვეყანა კარგავს თავისთვის ყველაზე ძვირფასს – შვილებს, რომლებსაც ეყოთ სიმამაცე დაპირისპირებოდნენ სიყალბეს, ჰიბრიდულ ოკუპაციას, ფეოდალურ მომხვეჭელობას და რუხ ფსევდორეალობას. წლების მანძილზე ხელოვნურად შექმნილმა სიღარიბემ და პოლარიზებულმა, უხეშმა გარემომ ქართველ ხალხში უიმედობის და დაუცველობის განცდა გაამყარა. ამას მალევე დაემატა ღია რისკი საქართველოს ხელახალი “აბრუსენიის”. ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და თავისი სწორი სამოქალაქო პოზიცია ღიად დააფიქსირა. რის საპასუხოდაც არალეგიტიმურმა, თვითმარქვია ხელისუფლებამ მოქალაქეების მიმართ მძიმე რეპრესიები დაიწყო. პატიოსან ადამიანებს უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ და ხანგრძლივი პატიმრობისთვის სწირავენ. სისტემას უკვე ათობით სინდისის პატიმარი ჰყავს.
ხალხს სასამართლოებში უწყვეტ ნაკადად იბარებენ და უზარმაზარ ფულად ჯარიმებს აკისრებენ. მე, “გუდიანი კაცის” სცენარისტი და რეჟისორი, ასევე დაბარებული ვარ სასამართლოში, გზის ხელოვნური გადაკეტვის საქმეზე. შესაძლოა რეჟიმის მხირდან ჩემ მიმართ ყურადღება ჩემი ლექსებითაც იყო გამოწვეული. სხვა რა ვიფიქრო, როცა არანაირი უხეში და არაკანონიერი ქმედება არ ჩამიდენია. აი, ჩემი ლექსები კი ძალიან ჯანსაღი კრიტიკით და მხილებით სავსე ვწერე და საჯაროდ წავიკითხე, მათ შორის, ტელე ეთერებით. დიდი ალბათობით, სწორედ ლექსების გამო მასამართლებენ.
მზია ამაღლობელის მაგალითზე კარგად დავინახეთ, თუ რა სასტიკად რეაგირებს ოლიგარქის რეჟიმი სამართლიანად გაწნილ სილაზე. “გუდიანი კაცი” შიშისმომგვრელი ფიგურაა. ამ ყველაფრისმკადრებელ რეჟიმს, გუდიანი კაცის მსგავსად, საყოველთაო შიში დათესოსვა უნდა. ოხერია შიშის შიში, ბუას ძახილი, ისეთია, როგორც მჭრელი მახვილი, რომელიც სიმშვიდეს აპობეს. ამიტომ გაუდით დამაშინებელი არგუმენტები – აბა, ომი გინდათ?! გათხოვილი კაცები გინდათ?! პატრიარქს რომ გვიგინებენ, ეგ გინდათ?! ავიწყდებათ, რომ სასწორის ერთ პინაზე რამხელა შიშიც არ უნდა დადონ, მეორე პინაზე რწმენა დევს. მათ ფეოდალურ ტვინში პროგრესის ადგილი არა. არ იციან, რომ შიშების შიში ვერ დაჯაბნის შენების წყურვილსა და თავისუფლებას.
და როგორც “გუდიანი კაცის” ფინალში ცინიკურად ჟღერს -“ასეთი რამ იყო და არა იყო რა, ბნელ 90- იანებში… რა სასიამოვნოა, რომ მსგავსი ძალადობის ფაქტები, ჩვენს დროში აღარ ხდება.” მაგრამ სწორედაც რომ ხდება! და თუ არ შევაჩერებთ მას, გუდიანი კაცები კვლავ ითარეშეებენ!
თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
გარდაუვალი ცეცხლი ოლიგარქიას!”, – ამბობს ზაზა კავთუაშვილი.
ფილმში ერთ-ერთი მთავარი გმირის, ნანიკოს როლის შემსრულებელი მსახიობი ნანიკო კვარაცხელია ნიუ იორკში ცხოვრობს. იგი ამბობს “რომ არა გოგონების მხრიდან საშინელი და დამამცირებელი ბულინგი, მთავარი გმირი, ნათია, არ აღმოჩნდებოდა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. გამართულ სახელმწიფოში ორი შვილის დედას არ მოუწევდა იმ ჯოჯოხეთის გავლა, რომელიც ქართულ საზოგადოებას 90-იანების ძალადობამ დამართა.
ბნელი 90-იანებისგან ტრავმირებული ნანიკომ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა გუდიანი კაცის ავხორცობა, სამწუხაროდ, დედის გადარჩენა ვერ შეძლო; ახლა კი იგი საკუთარი დის გადარჩენას ცდილობს. თუმცა მისი და თავადაც ტრავმირებულია, ცუდი გარემოცვისა და ე.წ. მეგობრების გავლენის გამო.
ჩვენ ბნელი 90-იანები გამოვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ ამ გზას რუსეთის გამო, რომლისთვისაც მიუღებელია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. სწორედ ამის წინააღმდეგ დგანან დღეს ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ, მათ შორის – ჩვენი მამაცი მზია ამაღლობელი. მიუხედავად იმისა, რომ მზია ყველას თავისუფლებისთვის იბრძვის, ქალი მოსამართლეები მას უპირისპირდებიან და მზად არიან, უმკაცრესი განაჩენი გამოუტანონ. თან რისთვის?!
ჩვენი ფილმის გმირებიც თავისუფლებისთვის, შინაგანი სილაღისა და მიმღებლობისთვის იბრძვიან. სამწუხაროდ, ამ ფილმში ქალების ცხოვრება მარცხით სრულდება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ჩვენ უფრო დიდი ძალა გვაქვს – ბრძოლისთვის, ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ, ხელოვანები ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ გუდიანმა კაცებმა არ და ვერ გაბედონ და მზია ამაღლობელისნაირი ადამიანები ციხეში გამოკეტონ, მისი ხმა ჩაახშონ.
თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმარს!”.
ავტორი: ია მერკვილაძე