WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

5

უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა:

,,მე-9 კლასში ვსწავლობდით. სახლში დაბრუნებისას ჩვენს უბანში მანქანა გაჩერდა. ოთხი დიდი ბიჭი გადმოვიდა და ჩემი კლასელი გოგო პირდაპირ ქუჩიდან მოიტაცა.

ეს ბავშვი სოფლის მოლასთვის მიჰყავდათ ცოლად, რომელიც მასზე დაახლოებით 10–12 წლით უფროსი იყო და თან იმ გოგოს ნათესავი გახლდათ.

ჩვენ ბავშვები ვიყავით. ისეთი შოკი მივიღეთ, ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა. უბრალოდ ვიდექით და ვუყურებდით, როგორ წაართვეს ჩვენს კლასელს თავისუფლება და ბავშვობა.

შემდეგ მისმა ოჯახმა წარმოუდგენელი ბრძოლა დაიწყო. განსაკუთრებულად დედა. ორი დღე და ორი ღამე ეძებდნენ. ბოლოს იპოვეს.

მაგრამ გოგო უკვე სხვა ადამიანი იყო. ფსიქოლოგიურად ძალიან გაუჭირდა. მისი ოცნებები, მისი მომავალი, მისი ბავშვობა ყველაფერი ერთმა ადამიანმა დაამსხვრია. მას ექიმობა უნდოდა…

მაშინ კანონი ასეთი მკაცრი არ იყო. მახსოვს, ის ბიჭი მალევე გამოუშვეს. ამბობდნენ, მდიდარი ბიძა ჰყავდა.

და იცით, ყველაზე საშინელი რა არის?

მერე იმ მოლამ ჩვეულებრივად შექმნა ოჯახი. ისევ სოფლის მოლაა. დღესაც პატივს სცემენ. ისევ დადის ხალხში, ისევ უსმენენ, ისევ პატივს მიაგებენ.

არავინ არაფერს ამბობს იმ გოგოს ცხოვრებაზე. არავინ ეკითხება, რა დაემართა მას. თითქოს არაფერი მომხდარა.

ბოლოს, როცა პედოფილ თანამდებობის პირებზე დავწერე, ზუსტად იგივე სურათი დავინახე — რა ამბავი ატყდა მათ დასაცავად მათ შორის, ვინც მათგან სარგებელს იღებს. როგორ ცდილობენ ადამიანის ნაცვლად დამნაშავის დაცვას.

ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე, რომელსაც საზოგადოება თავად ქმნის: როცა გავლენიან ადამიანს მისი საქციელის გამო კი არ სჯიან, არამედ მის გარშემო კედელს აშენებენ.

არ შეიძლება დუმილი. არ შეიძლება „ოჯახის საქმეა“, „ძველი ამბავია“, „პატივსაცემი ადამიანია“ და „ყველა იცნობს“.

თუ ბავშვი, ქალი, კაცი დაზარალდა, ჩვენი ვალდებულებაა, მის მხარეს დავდგეთ — არა იმ ადამიანის, ვინც მისი ბავშვობა და მომავალი წაართვა.

პატივს ვერ დაიმსახურებ, თუ სხვისი ტკივილის ხარჯზე იცხოვრებ. და საზოგადოებაც ვერ იქნება ჯანმრთელი, სანამ დამნაშავის რეპუტაციას ბავშვის სიცოცხლეზე მაღლა აყენებს.

ნუ გავჩუმდებით. ნუ დავიცავთ დამნაშავეებს. ნურც თანამდებობა, ნურც ფული, ნურც რელიგიური სტატუსი და ნურც „პატივისცემა“ არ უნდა იყოს იმაზე ძლიერი, ვიდრე ბავშვის უფლება იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად.“