„დღეს აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - ანდრია ლილუაშვილი“, - თქვეს პროკურატურაში.
მას ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრების მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. პროკურატურა გეგმავს, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს.
პროკურატურა და სუსი აგრძელებენ გამოძიებას, რათა დაადგინონ იმ ადამიანების ვინაობა, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდათ ანდრია ლილუაშვილთან - ამ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს „ზეგავლენით ვაჭრობის“ კვალიფიკაციით - სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლით.
ანდრია ლილუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული მესამე ადამიანია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
- გუშინ, 22 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მასთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე, რომლის სახლიდანაც ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული $1 319 300;
- სუსმა ძებნა გამოაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე, ბიჭიკო პაიკიძეზე, რომელიც ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.
გრიგოლ ლილუაშვილის სახელი ფულის გათეთრების საქმეში პირველად 17 ოქტომბერს გაჟღერდა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ სამი ყოფილი მაღალჩინოსნის - ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის - საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს „სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.
მეორე დღეს, 18 ოქტომბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.
ყოფილი მაღალჩინოსნების (ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის) დაკავების შემდეგ მედია მუდმივად სვამდა კითხვებს, მიდიოდა თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სუსის ყოფილ ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან. ამაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პასუხს არ სცემდა.
გუშინ, 22 ოქტომბერს, სუსში განაცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და აღიარა უკანონო შემოსავლების მიღება.