დააკავეს თუ არა ზარქუა და სანიკიძე? – საელჩოს ბუნდოვანი პასუხი

2 hours ago 1

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, სასამართლოს ჩანიშვნამდე, აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში 1 თვეს გაატარებენ.

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებს, რომ „აღნიშნული არ არის სიმართლე. მიმდინარეობს სამართალდამცავების მხრიდან მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“.

„გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს“ — ასე უპასუხა „ნეტგაზეთს“ საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავამ „ნეტგაზეთის“ კითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს რომ ზარქუა და სანიკიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ჯანჯღავამ არ უპასუხა დამატებით კითხვას, სად არიან ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ წევრები და დაკავებულები არიან თუ არა.

ამასთან, არც გიორგი ჯანჯღავა და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს კითხვას ლაშა გაბიტაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ.

რა ხდება?

12 იანვარს, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში სასტუმროში ირაკლი ზარქუასთან მივიდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც აქციაზე არაერთი დემონსტრანტი დააკავეს. ვიდეოში, რომელიც ასევე ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ირაკლი ზარქუა კითხვას არ პასუხობს და კამერას თავიდან იშორებს.

„აბუ-დაბიში მწამებელი და რეპრესიული რეჟიმის შემოქმედები შემხვდნენ. წყნარად მივუახლოვდი, რომ მეთქვა, მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! არადა, მინდოდა მეთქვა, რომ ისინი ესე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, რომ ახალი არჩევნები ჩასანიშნია და ხალხი გამოსაშვებია ციხეებიდან, მაგრამ არ მაცალა“, – დაწერა სოციალ ქსელში ლაშა გაბიტაშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

კადრებში, ირაკლი ზარქუას გარდა, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და გიორგი ამილახვარი ჩანან.

კიდევ ერთ ვიდეოში, ლაშა გაბიტაშვილი აგინებს და მოღალატეს უწოდებს ირაკლი ზარქუას და ისიც გინებითვე პასუხობს.

მეორე დღეს, „ქართული ოცნების” დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეს, რომელიც აბუ-დაბიში მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა.

კადრებში, რომლებიც ლაშა გაბიტაშვილმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა, ჩანს, რომ მას საუზმისას თავს დაესხნენ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე.

„გამწარებულები, გაგიჟებულები მომვარდნენ საუზმის დროს. მაგას ველოდი, ჩვეულებრივი ამბავია, პატარა კაცების ამბავია. არავის არაფრის არ გვეშინია. არც ვნერვიულობ, არც არაფერი დამიშავებია. ესენი არიან მოღალატეები. შედეგებს აუცილებლად მიიღებენ. რისი უნდა მეშინოდეს? ის ხალხი, ვინც დაჭერილია, ჩვენ ნაცვლად სხედან. მე შემთხვევით მაქვს შესაძლებლობა, რომ გარეთ ვარ. დღეს რომ თავისუფალი ვარ, არ ნიშნავს, რომ ხვალ მათ ადგილას არ აღმოვჩნდები. კი მემუქრებიან ესენი, საქართველოში რომ ჩამოხვალ, იქ ნახავო. აუცილებლად ჩამოვალ და ჩვეულებრივად ვიცხოვრებ. ეს მათი ბოლო ეტაპია. ეს გაბრაზებული, გამწარებული „ოცნებაა”, უკვე აღარაფერი შეუძლია”, – თქვა ლაშა გაბიტაშვილმა პირდაპირ ჩართვაში.

მოგვიანებით ლაშა გაბიტაშვილის პროფილი Facebook-ზე გაუქმდა.

გავრცელდა ფოტოები, სადაც პოლიციელების მიერ ირაკლი ზარქუას გამოკითხვა ჩანს.

ბოლოს 14 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

სრულად წაკითხვა