პოლიციამ 42 წლის კაცი დააკავა, სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებითვის. შსს-ს გამოძიების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მან მზიურის პარკში მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში მითითებული არ არის, შემთხვევის თარიღი. თუმცა, აღნიშნულია, რომ ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. უწყება ხაზს უსვამს, რომ ბრალდებული ადრე მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს.
სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალის დამტკიცების შემთვევაში პირს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
28 ნოემბრიდან მოყოლებული, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავებისას პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.
თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 6 ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს 4 დეკემბერს განიხილავს. 3 დეკემბერს დაკავებული კიდევ ერთი ადამიანისთვის პროკურატურას ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენია.