თბილისში, საკუთარ სახლში 11 სექტემბერს საღამოს ექვსი საათისთვის დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მაღალჩინოსანი, გიორგი ბარამიძე.
როგორც ის ამბობს, „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააკავეს: „არ გრცხვენიათ“? - მიმართავს მან სამართალდამცავებს.
პროკურატურას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია - რადიო თავისუფლება ცდილობს უწყებისგან დაზუსტებული პასუხის მიღებას. ასევე ვცდილობთ ბარამიძის ადვოკატთან დაკავშირებას.
ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება.
- პროკურატურამ გიორგი ბარამიძის მიერ გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო „სამშობლოს ღალატის“ მუხლით.
- პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას "ნაციონალურ მოძრაობაში" „ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“ უწოდეს.
- მათი შეფასებით, „ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“.
„ღალატისთვის“
„ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის“, - ამბობს გიორგი ბარამიძე მისი მეუღლის ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში, სამართალდამცავების გარემოცვაში.
„არ გრცხვენიათ თქვენ, მაგას რომ მეუბნებით“? - მიმართა მან პროკურატურის წარმომადგენლებს.
„არა“, - უპასუხა ერთ-ერთმა. „ჩვენ ვიძიებთ საქმეს“, - თქვა მან.
რამდენიმე წუთში მას ხელბორკილები დაადეს, - იმის მიუხედავად, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია, - და სახლიდან წაიყვანეს.
რას ედავებოდნენ ბარამიძეს
„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებული განცხადების გამო გამოძიება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით 7 აგვისტოს დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბარამიძე აღნიშნავს, რომ არ გაჰკვირვებია „რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ“ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომისა და რუსეთის შემოჭრის დაწყების დღეს დაემთხვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადების გამო საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას „აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ის ამბობდა, რომ აფხაზეთის ომის დასაწყისში ქართველებს „ტყვეები არ აჰყავდათ“ და მათ „ხვრეტდნენ [ჩვენები]“, მის წინააღმდეგ გამოძიება „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით დაიწყო. მოგვიანებით ბარამიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის თქვა: „არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“.
radiotavisupleba ახალი ამბები