დააკავეს „ფორმულის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი

1 week ago 15

„ფორმულის“ ცნობით, პოლიციამ დააკავა ტელეკომპანიის კიდევ ერთი ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი. გუშინ დააკავეს ტელეწამყვანი ვახო სანაიაც.

„ფორმულა“ წერს, რომ ჟურნალისტი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.

„ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს მილიციელებმა“, - დაწერა ციცქიშვილმა ფეისბუკზე დღეს, 20 ოქტომბერს, დღის პირველის ნახევრისთვის.

„რომ ჰგონიათ, ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, - წერს ჟურნალისტი.

განახლება: „ფორმულამ“ განაცხადა, რომ „ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა“.

„მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას“, - აცხადებს ტელევიზია,

ქეთა ციცქიშვილის დაკავებას ასევე გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიცია“.

„ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლნი გახდნენ. კოალიცია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნის შეწყვეტას“, - აცხადებს კოალიცია

ციცქიშვილის კოლეგა ვახო სანაია ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პოლიციამ კვირას, 19 სექტემბერს, დააკავა, წინა საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო.

ქეთა ციცქიშვილი კი დღეს, 20 ოქტომბერს, დააკავეს.

19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებები დღეს, 20 ოქტომბერსაც, გრძელდება.

სრულად წაკითხვა