WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ადვოკატ დარეჯან სულაშვილის განცხადებით, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების 6 პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

ამის შესახებ ადვოკატმა ციხეში გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა. ადვოკატის თქმით მას ეს ინფორმაცია გიორგი დავითაძემ მიაწოდა.

„გიორგის მონათხრობის მიხედვით, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავიდა ეს კადრები – როგორ ისვრის გიორგი პოლიციელის მისამართით, ციხეში ატყდა „შუმოკი“ [ხმაური]. გრგვინავდა ციხე… ყველამ მოითხოვა „პრაგულკა“ [გასეირნება]… გამოითქვა პროტესტი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ პროტესტის ფარგლებში მოექცა ის მიზეზი, რასაც დღეს პენიტენციური. დაახლოებით 6 პატიმარი შიმშილობს, გიორგის უცხადებენ სოლიდარობას“, – განაცხადა დარეჯან სულაშვილმა.

დღეს, 5 ოქტომბერს, გიორგი დავითაძე მოინახულა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სოფო ხორგუანმა. სოფო ხორგუანიც აცხადებს, რომ რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დაიწყო.

„რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. მე, უბრალოდ, მინდა ამ პატიმრებს ვთხოვო, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელოთ სამართლებრივი გზებით, მაგრამ თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

პატიმრების შიმშილობის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში არ დაუდასტურეს.


პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.