დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ, საავტომობილო გზების გადაკეტვა დასჯადი ხდება

3 hours ago 2

„ქართული ოცნების“ მთავრობამ 31 იანვარს გამოქვეყნებულ ახალ დადგენილებაში სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ ​​დაამატა, რამაც საპროტესტო აქციებისთვის საკანონმდებლო გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა. გადაწყვეტილება 2 თებერვალს, თბილისის შესასვლელთან დაგეგმილი მასობრივი საპროტესტო აქციის წინ მიიღეს. იმავდროულად, 1 თებერვალს პოლიციამ საპროტესტო აქციებში მონაწილე რამდენიმე აქტივისტის, ჯგუფ „დაიტოვეს“ წევრების ილია ღლონტის, ქრისტინე ბოტკოველის (იგივე ნენსი ვოლანდის) და „ჯიუტების“ წევრის ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს. ღლონტი და ბოტკოველი პოლიციამ დააკავა.

დადგენილება „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომელსაც ხელი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2024 წლის 23 ოქტომბრის N361 დადგენილებაში, რომლითაც დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების განსაზღვრის კრიტერიუმები. ბოლო ცვლილებით, საქართველოში საავტომობილო გზები, განსაკუთრებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი, ახლა იმავე საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცა, როგორც სამაუწყებლო ობიექტები და საკომუნიკაციო დაწესებულებები.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, ამ გზების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება დასჯადი ხდება, ხოლო სამართალდამრღვევებს გამასწორებელი სამუშაო ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. იგივე დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუ ჩადენილია „ჯგუფურად“ ან „არაერთგზის“.

ამ ქმედებამ პროტესტი გამოიწვია და განიხილება, როგორც საპროტესტო მოძრაობის ჩახშობის მცდელობა, რომელიც 2 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში ჩარევას ისახავს მიზნად.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ცვლილება საზოგადოების წინააღმდეგობის ჩახშობას ისახავს მიზნად. სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ცვლილება საქართველოში პროტესტის კრიმინალიზების გაგრძელებას წარმოადგენს. „ძალიან აშკარაა, რომ “ქართული ოცნების” ამგვარი ქმედება და გუშინ, სასწრაფო წესით, დადგენილებაში შეტანილი ცვლილება, მიზნად ისახავს სისხლის სამართლის წესის ამოქმედებით შეაშინოს მოქალაქეები და აიძულოს უარი თქვან კონსტიტუციით გათვალისწინებული შეკრების უფლების რეალიზებაზე“, – განაცხადა მიქელაძემ. მისი თქმით, „დაანონსებულ პროტესტამდე 2 დღით ადრე ცვლილება დადგენილებაში, ასევე ქმნის მოქალაქეებისთვის კანონის სათანადო გაგების პრობლემას“.  

კიდევ ერთმა სამართლის ექსპერტმა გურო იმნაძემ ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს არის პირდაპირი პასუხი მზარდ საპროტესტო გამოსვლებზე. „მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს“, – განაცხადა მან. „პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ“.

ზედიზედ 66 დღეა, რაც ქართველები 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი სიახლეების ბლოგი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა