“დავბლოკოთ 30 დღით ჩვენი ქვედანაყოფები? და უკრაინა ამ 30 დღეს იმისთვის გამოიყენებს, რომ იარაღი მიაწოდონ?” – პუტინი

4 hours ago 2

1

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.

“პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო აშშ-ს პრეზიდენტს, ბატონ ტრამპს იმისთვის, რომ ის დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში სიტუაციის რეგულირებას.” – თქვა პუტინმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებსაც მსგავსი ჩართულობისთვის.

“ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. თუმცა იქიდან გამოვმდინარეობთ, რომ ამ შეწყვეტამ უნდა მიგვიყვანოს ხანგძლივ მშვიდობამდე და გადაჭრას კრიზისის ძირეული მიზეზები.

ახლა რაც შეეხება უკრაინის მზადყოფნას, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები – იცით, უკრაინულ-ამერიკული შეხვედრა საუდის არაბეთში გარედან შეიძლება მოგეჩვენოთ უკრაინული მხარის მიერ ამერიკული ზეწოლის ქვეშ მიღებულ გადაწყვეტილებად. სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული მხარე ამას ამერიკელებს ყველაზე დაჟინებული სახით სთხოვდა.

ამ პირობებში, მე მგონია, რომ უკრაინული მხარისთვის ძალიან კარგი იქნებოდა ზავის მიღწევა, თუნდაც 30 დღით. და ჩვენ თანახმა ვართ, მაგრამ არსებობს ნიუანსები.

პირველი: რას გავაკეთებთ კურსკის ოლქის ამ მონაკვეთში? თუ საბრძოლო მოქმედებებს 30 დღით ვწყვეტთ, რას ნიშნავს ეს? რომ ყველა, ვინც იქ იმყოფება, ბრძოლის გარეშე გავა? ჩვენ ისინი იქიდან უნდა გავუშვათ მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ უამრავი დანაშაული ჩაიდინეს? თუ უკრაინული ხელისუფლება მათ იარაღის დაყრის ბრძანებას მისცემს? უბრალოდ ტყვედ ჩაგვბარდებიან. როგორ მოხდება ეს? გაუგებარია.

და როგორ გადაწყდება სხვა საკითხები? შეხების მთელ ხაზზე? ეს კი თითქმის 2 000 კილომეტრია და იქ, როგორც იცით, რუსი სამხედროები შეტევაში არიან პრაქტიკულად საბრძოლო შეხების ყველა მონაკვეთზე. და იქაც იქმნება პირობები იმისთვის, რომ ჩვენ დავბლოკოთ მთელი, საკმაოდ დიდი ქვედანაყოფები. ამ 30 დღეს როგორ გამოიყენებენ? იმისთვის, რომ უკრაინაში გაგრძელდეს იძულებითი მობილიზაცია? იმისთვის რომ იარაღი მიაწოდონ? იმისთვის რომ ახალმობილიზებულმა ქვედანაყოფებმა მომზადება გაიარონ? თუ ეს ყველაფერი არ მოხდება? მაშინ ჩნდება შეკითხვა – როგორ გადაწყდება კონტროლისა და ვერიფიკაციის საკითხები? როგორ იქნება ჩვენთვის გარანტირებული, რომ მსგავსი არაფერი მოხდება? კონტროლი როგორ იქნება ორგანიზებული? ვიმედოვნებ, რომ ჯანსაღი გონებისთვის ეს ყველაფერი გასაგებია, ეს სერიოზული საკითხებია. ვინ გასცემს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ბრძანებებს? და რა იქნება ამ ბრძანების ფასი.

წარმოიდგინეთ, თითქმის 2 000 კილომეტრი. ვინ განსაზღვრავს ვინ და სად დაარღვია შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2 000 კილომეტრის მანძილზე? და მერე ვინ ვის დააბრალებს შეთანხმების დარღვევას. ეს არის საკითხები, რომლებიც საჭიროებს დაწვრილებით კვლევას ორივე მხრიდან.

ამიტომაც თავად იდეა სწორია და მას უსიტყვოდ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, რომ გვჭირდება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან რაღაცის მოლაპარაკება. შესაძლებელია პრეზიდენტ ტრამპთან დარეკვაც და მასთან განხილვა. მაგრამ თავად იდეას, ეს კონფლიქტი მშვიდობიანი მეთოდებით დასრულდეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ.” – თქვა პუტინმა.

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ამას მოსკოვიც დათანხმდება. ვაშინგტონმა დადო პირობა, რომ ამ წინადადებას რუსულ მხარეს გადასცემდნენ. 12 მარტს რუსეთში უიტკოფი ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ.

ამავე დღეს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელია, თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაინტერესებულები არ არიან.

სრულად წაკითხვა