სტრასბურგში, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ მოსმენაზე, ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს მკაცრი ზომების გატარება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ.
განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ ევროსკეპტიკოს და პრორუს დეპუტატებს „ქართული ოცნების“ თანამოაზრე ჯგუფებიდან.
პლენარულ სესიაზე მოუსმინეს ევროკომისარს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის საკითხებში, დუბრავკა შუიცას. მან ისაუბრა პროტესტზე, რომელიც მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას არ ესწრაფვის.
„ეს ნაბიჯი აშკარა ცვლილებაა საქართველოს წინა მთავრობების პოლიტიკისა და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებისგან. ასევე, პირველად ვხედავთ ქვეყანას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მყისიერად და შესამჩნევად შორდება ევროპულ გზას. საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დააკავეს 450-ზე მეტი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 300-მა განიცადა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. 400-ზე მეტ პირს ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციულ და 30-ზე მეტ პირს — სისხლის სამართლის დანაშაულში, ხოლო სამართალდამცავი ორგანოებიდან და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფებიდან არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. ეს მოვლენები არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია“, — განაცხადა ევროკომისარმა.
მისი თქმით, დადგა დრო, ევროკავშირს გადამწყვეტი და ერთიანი რეაგირება მოეხდინა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და გუშინ საგარეო საქმეთა საბჭოზე შეთანხმდნენ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. ასევე, განიხილეს ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესება ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში.
ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის სია) 2020 წლის 7 დეკემბერს შეიქმნა. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ფიზიკური პირების და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მთელ მსოფლიოში.
ევროკომისარმა ხაზი გაუსვა რეპრესიების შეჩერების მნიშვნელობას, რაც უნდა გამოიხატოს მოძალადეების პასუხისმგებლობაში მიცემაში, მომიტინგეების გათავისუფლებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ხელახლა ჩართვაში.
„საქართველო ხდება სახელმძღვანელო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია რუსეთის გავლენას დემოკრატიული სისტემა ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნას ტყვიის გასროლის გარეშე. მაგრამ საქართველო ევროკავშირის კანდიდატია. ამიტომ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ. „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიცია ნათელია — საპარლამენტო არჩევნები მოიპარეს. ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს დასახმარებლად სხვა გზას, გარდა ახალი არჩევნებისა. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეულია ახალ არჩევნებამდე. მოვუწოდებთ წევრ ქვეყნებს, დააწესონ სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გაყალბებულ არჩევნებზე და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობაზე“, — განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP) რასა იუკნევიჩიანემ.
სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა, ტობიას კრემერმა (გერმანია) თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ახლა ცდილობს, ევროპული დემოკრატია კრემლის ჩრდილში. ბელორუსული სტილის ავტორიტარულ რეჟიმად აქციოს.
„ეს ძალიან ნაცნობი რუსული სახელმძღვანელოა — დეზინფორმაციის, მანიპულირების, დაშინების, ძალადობის და წამების სახელმძღვანელო. მაგრამ რაც საქართველოში ვნახე, იმედისმომცემია. ათობით, შესაძლოა ასობით ათასი ქართველი გამოდის ქუჩებში ყოველდღე. ქართველები იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის. და ეს ხალხი იბრძვის საქართველოში. მაგრამ ისინი ამას აკეთებენ ოქროსფერვასკვლავებიანი ლურჯი დროშის ქვეშ. ევროპის დროშა ქართველებისთვის თავისუფლების დროშაა. ამ დროშისთვის ქართველები სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ხალხი გვიახლოვდებოდა ევროპული დროშის ფრიალით, გვესალმებოდა, მაგრამ ასევე გვეკითხებოდა: სად არის ევროპა ამ ჭეშმარიტების ჟამს? ვაჩვენოთ მათ, რომ ევროპას შეუძლია მოქმედება. დავუწესოთ რეალური სანქციები მათ, ვინც თრგუნავს საკუთარ მოსახლეობას. და მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ახალი არჩევნების მიღწევაში“, — განაცხადა კრემერმა.
ევროკავშირი უმოქმედობისთვის გააკრიტიკა პოლონელმა დეპუტატმა ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან, მალგოჟატა გოშიევსკამ:
„კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში პრორუსული „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ქვეყანას რუსეთის მკლავებში. დაპატიმრებები, ძალადობა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვა არის ხელისუფლებაში მყოფების პასუხი ქართული საზოგადოებისადმი. ქართული დემონსტრაციები მიმდინარეობს ლოზუნგით: „გაიღვიძე საქართველო“. მაგრამ მე ვიტყოდი: გაიღვიძე ევროპა და დადექი მომიტინგეებთან ერთად“, — განაცხადა გოშივესკამ.
მან მიმართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და მოითხოვა განმარტება, თუ რას ნიშნავდა კაია კალასის განცხადება, რომ 29 დეკემბრამდე [პრეზიდენტის ინაუგურაციამდე] კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს?
„რას ელოდებით? სისხლი რომ დაიღვაროს? პრეზიდენტი ზურაბიშვილი რომ დააპატიმრონ, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილი? თქვენ თქვით, რომ სანქციების ქვეშ მყოფთა სია უკვე მზად არის. დაასანქცირეთ ისინი. ეს მაინც გააკეთეთ. თქვენ გეძინათ 2008 წლის ომში. საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპის ღირსება მაშინ გადაარჩინა პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დაყოვნების გარეშე“, — დასძინა გოშიევსკამ.
„დავყრუვდით? არ გვესმის, რას ითხოვენ ყოველ ღამე დემონსტრანტები საქართველოში? ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით? ვერ ვხედავთ ამ მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიებს, დაპატიმრებებს, ცემას, ციხეში ჩაგდებულ ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებს? შავი ღრუბელია საქართველოს თავზე . უმოქმედონი ვართ? არ გამოვიყენებთ სანქციებს „ქართული ოცნების“ დონორების მიმართ, რომლებსაც სურთ საქართველო ახალ რუსეთად გადააქციონ?“, — იკითხა თავის მხრივ, ნატალი ლუაზომ, ფრანგმა ევროპარლამენტარმა „განაახლე ევროპის“ ჯგუფიდან.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურია ევროპარლამენტარ რაინიე ვან ლანშოტის (ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი) შეფასებით.
„პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა. ევროკავშირისკენ გზის ჩახერგვით მათ მოიპარეს ხალხის იმედი. ისინი არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურნი არიან, თუმცა ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ — მათ აჩვენეს თავიანთი ნამდვილი და რუსული ჩაგვრის სახე“, — განაცხადა ლანშოტმა და მანაც მოითხოვა სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ ლიდერებისადმი.
ტრადიციულად, „ოცნების“ პოზიციები დაიცვა ბაშარ ალ ასადის და ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ცნობილმა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ („პატრიოტები ევროპისთვის“). მან თქვა, რომ ევროკავშირი უარს ამბობს საქართველოსა და რუმინეთში ხალხის არჩევანის აღიარებაზე.
„თქვენ ცდილობთ საზღვარგარეთიდან დესტაბილიზაციას საქართველოს ლეგიტიმური ძალების წინააღმდეგ. თბილისში იყო საპროტესტო აქციები და თქვენ ამხნევებთ ამ პროტესტს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თქვენ ცდილობთ, რომ ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდეს მაიდანის სტილში. თუმცა საქართველო და მისი ინსტიტუტები უძლებენ არჩევნებში დამარცხებულთა ძალადობას. რუმინეთსა და საქართველოს მოსახლეობას არ სურს სუვერენიტეტის დაკარგვა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ კეთილდღეობის და დემოკრატიის მომხრე, მაგრამ საქართველოში ვახალისებთ სახელმწიფო გადატრიალებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურობა ქვეყანაში“, — თქვა მარიანმა.
მემარცხენეების წევრმა დანილო დელა ვალემ თქვა, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც კაია კალასს ან ურსულა ფონ დერ ლაიენს სურდა. მისი თქმით, ევროკავშირი ზეწოლას ახორციელებს საქართველოზე, რადგან მას არ სურს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა და აშშ-ისა და ნატოს ინტერესების გაძლიერება.
საქართველოზე მსჯელობა ევროპარლამენტში ხვალაც გაგრძელდება. 18 დეკემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ.