დავითაშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში პოზიტიურ დღის წესრიგზე საუბრობს

2 weeks ago 5

რთული მემკვიდრეობისა და დაძაბული ურთიერთობების აღიარების პარალელურად, „ქართული ოცნების“ პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციები „სრულ თანხვედრაშია“ და რომ მხარეები ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიურ დღის წესრიგს ახორციელებენ. მან იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სტრატეგიული გადატვირთვის პროცესი დაიწყება.

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას დავითაშვილმა ვაშინგტონში მიმდინარე შეხვედრების დეტალებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გზავნილს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო დროს არაერთხელ გააჟღერა ორმხრივი თანამშრომლობის „ახალი ფურცლიდან დაწყების“ მზადყოფნის შესახებ. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და სტრატეგიული პრიორიტეტების იდენტიფიცირების საქმეში.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებთან 2025 წლის 22-23 აპრილის საგაზაფხულო შეხვედრებზე დასასწრებად, მან შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტის, კომერციისა და ხაზინის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან და ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან და თეთრ სახლთან.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის პერსპექტივებზე,  სადაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს პოზიციები სრულ თანხვედრაშია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ელჩის დანიშვნა კვლავ განხილვის პროცესშია

ვაშინგტონში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვაზე დავითაშვილმა აღიარა, რომ ურთიერთობებში რთული მემკვიდრეობა არსებობს და დასძინა, რომ დანიშვნა სტანდარტული დიპლომატიური პროცედურებით მიმდინარეობს. მისი თქმით, მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია წარდგენილი კანდიდატების შესახებ, თუმცა ეს თემა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დროს არ განხილულა.

დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მალე ეყოლება ახალი ელჩი შეერთებულ შტატებში და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს.

აშშ-ში საქართველოს წინა ელჩმა, დავით ზალკალიანმა, თანამდებობა 2024 წლის 1 დეკემბერს დატოვა, თბილისში პროევროპული აქციების მონაწილეთა ძალადობრივი დარბევის გამო აშშ-ის მიერ გაჟღერებული კრიტიკის ფონზე. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოლიდარობა გამოუცხადა ზალკალიანს, რომელიც, მისი თქმით, სხვადასხვა მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ იყო.

ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის უფრო ფართო ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ორივე მთავრობას „რთული მემკვიდრეობა“ ერგო და რომ სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი პირობებით უნდა განახლდეს.

„რა თქმა უნდა, წინა ადმინისტრაციის საქმიანობის ბოლო თვეებში ბევრი რამ გაუარესდა ჩვენს ურთიერთობებში, სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა ორივე ხელისუფლებისთვის ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ჩვენ ძალიან ბევრი კონკრეტული ახალი მიმართულება შეგვიძლია შევიტანოთ დღის წესრიგში, რაც, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე ქვეყნისთვის – როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე საქართველოსთვის“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აშშის სანქციები

დავითაშვილმა ასევე ისაუბრა გასულ წელს აშშ-ის მიერ რამდენიმე ქართველი ოფიციალური პირის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე. „სანქციები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა შემოღებული  საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ურთიერთობებში და რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა მან. „გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისევე ახალი ადმინისტრაციისთვის მემკვიდრეობა საკმაოდ რთულია და ამას დრო დასჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიწყებთ დიალოგს და ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურები იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს პოლიტიკური ნება“.

2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მშვიდობიანი პროევროპელი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დასანქცირებით უპასუხა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ასევე დაუწესა სანქციები მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

სავაჭრო მოლაპარაკებები და შუა დერეფნის განვითარება

დავითაშვილმა მზარდ სავაჭრო კავშირებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 2.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი თქმით, საქართველო არის სავაჭრო ჰაბი, საიდანაც ეს პროდუქცია ნაწილდება როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე შუა აზიისა და ფართო რეგიონის ქვეყნებში. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ბაზარი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დავითაშვილმა ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, რომელიც აშშ-ის კომერციის დეპარტამენტთან მოლაპარაკებების დროს იქნა დაანონსებული, კერძოდ, ჩარჩო მემორანდუმი, რომელიც ორმხრივად მომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი სექტორების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ გვინდა ახალი მიმართულებების განვითარება. ეს არის, მათ შორის, შუა დერეფნის  ეფექტიანად გამოყენება, კიდევ უფრო მეტი სავაჭრო პოტენციალის ათვისება, რომელიც საქართველოს გააჩნია ამერიკისთვის და ამერიკული კომპანიებისთვის, სადაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ეკონომიკური ინტერესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


აშშ-ში ვიზიტამდე, ლევან დავითაშვილი 1 აპრილს აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც, ქართული მხარის ინფორმაციით, „ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს“. მანამდე ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, სადაც ამერიკული მხარის ინფორმაციით, ხაზი გაესვა იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც საქართველოს შეუძლია გაუარესებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. დავითაშვილთან და ბოჭორიშვილთან შეხვედრები აშშ-ის ელჩსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის ერთადერთი შეხვედრები იყო 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა