„ქართული ოცნების“ პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 22-23 აპრილს ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ჯგუფისა (WBG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრების ფარგლებში დავითაშვილმა მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართა მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორთან ანა ბიერდესთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტთან ალფონსო გარსიასთან, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ორ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
შეხვედრა მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორთან ანა ბიერდესთან
22 აპრილს დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორს ანა ბიერდეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
დავითაშვილის თქმით, მხარეებმა განიხილეს ძირითადი სტრატეგიული ინიციატივები, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ელექტროსისტემას დააკავშირებს, ასევე ინტერნეტიზაციის პროგრამა საქართველოს მასშტაბით.
„ჩვენ მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის და ზოგადად პროგრესის შენარჩუნებისთვის. საუბარია არა მხოლოდ დაფინანსებაზე, არამედ ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტზე, რომელიც საქართველოს ზოგადად კომპეტენციების ზრდაში დაეხმარება,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე საქართველოში, მათ სარგებლიანობასა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა იმ დიდ როლს, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
ამავე პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა მომდევნო წლებში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც სრულად უნდა იყოს თანხვედრაში საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან.
შეხვედრა IFC-ის ვიცე–პრეზიდენტთან ალფონსო გარსიასთან
23 აპრილს დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს ალფონსო გარსიას შეხვდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და დაკავშირებადობა, შუა დერეფნის შემდგომი განვითარება და სხვ.
დავითაშვილმა განაცხადა, რომ კორპორაცია ქართულ მხარესთან კოორდინაციით განიხილავს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით საქმიანობას, რომელთა შორისაა მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტება კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით. მას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით საქართველოში არსებული ბანკები განახორციელებენ.
„მეორე მიმართულებაა უფრო მსხვილი პროექტები ცალკეულ პრიორიტეტულ დარგებში, რომელთაც უშუალოდ კორპორაცია დააფინანსებს. საუბარია კერძო და არა საჯარო სექტორის დაფინანსებაზე. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები – ძირითადად, საუბარია ენერგოპროექტებზე, რომელთაც კერძო კომპანიები განახლებადი ენერგეტიკის კუთხით განავითარებენ. კიდევ მიმართულება, სადაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ასევე საინტერესო თანამშრომლობა იგეგმება, წარმოებების ხელშეწყობა და განვითარებაა. მათ შორის, ისეთი მსხვილი ინდუსტრიული დარგების, როგორიცაა მინერალური სასუქების წარმოება, ქიმიური მრეწველობა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც გაზრდის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს. კერძოდ, საუბარია ახალი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე.
შეხვედრა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწესთან აშოკ პინტოსთან
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავითაშვილის აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
„საქართველო არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი და ამერიკული პროდუქცია, რეექსპორტის სახით, ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო“, – განაცხადა დავითაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ახალი ჩარჩო-მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ამავე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ამერიკაში ქართული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი იგეგმება, რომელიც შეაფასებს ამერიკაში საინვესტიციო შესაძლებლობებს. „ამერიკის კომერციის დეპარტამენტი ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და ქართულ კომპანიებს უმასპინძლებს“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობას, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ენერგეტიკა. ასევე ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივებზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში და სტარტაპებზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/04/2025 – თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა
- 23/12/2024 – საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ირაკლი კობახიძე ბიზნესლიდერებს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)