დათუნაშვილს მსოფლიო ჩემპიონობისა და ოლიმპიური მედლის ჩამორთმევა ემუქრება

2 weeks ago 6

1

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურმა სამმართველომ (CAS ADD) დაადგინა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა, დოპინგის წესები დაარღვია, რის გამოც 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, – ინფორმაციას ITA-ს (International Testing Agency) ავრცელებს.

მათივე ცნობით, დათუნაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

გარდა ამისა, ქართველ მოჭიდავეს, რომელიც 2019 წლიდან სერბეთის სახელით ასპარეზობდა, 2021 წლის 27 მაისის შემდეგ მიღებული ყველა მედლის ჩამორთმევა ემუქრება.

„2023 წლის 11 აპრილს ზურაბ დათუნაშვილს შარდის სინჯის შეცვლისა და ყალბი მტკიცებულებების გამოყენების გამო დროებითი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ფაქტი 2022 წლის 6 აინვარს დაფიქსირდა. 2023 წლის 22 ნოემბერს საქმე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურ სამმართველოს გადაეცა, მოსმენა კი 2024 წლის 1 და 2 ივლისს გაიმართა.

2024 წლის 19 სექტემბერს CAS ADD-მა მტკიცებულებების განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ დათუნაშვილმა დოპინგის წესები დაარღვია და სპორტსმენი 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. გარდა ამისა, მოჭიდავის მიერ 2021 წლის 27 მაისიდან 2023 წლის 11 აპრილის ჩათვლით დაფიქსირებული ყველა შედეგი გაუქმებულია.

დათუნაშვილმა CAS-ში აპელაცია შეიტანა და შარდის სინჯის შეცვლის ბრალდება გაასაჩივრა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მედლების გადანაწილების პროცესი დროებით შეჩერებულია. – წერია ITA-ს ვებგვერდზე.

სრულად წაკითხვა