"კვირის პალიტრა" 16 იანვარს გაუჩინარებული 14 წლის მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის ადვოკატს, პაატა შავაძეს დაუკავშირდა საქმეში არსებული მეტი დეტალის გასარკვევად.
ცნობილია, რომ ბავშვმა დატოვა ჩანთა, ტელეფონი და ქურთუკი, ამის შესახებ ადვოკატი ამბობს, რომ:
"ეს არ ვიცით, ბავშვმა დატოვა თუ არა, სხვა ვერსიებიც გვაქვს, შეიძლება სხვამ დატოვა და ვიღაც რაღაც სცენარის გათამაშებას აკეთებს. არ ვიცით, ალექსანდრე რა გარემო პირობებშია ახლა, შეიძლება თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც აქვს ადგილი. კამერებში ჩანს, რომ ყოფილი შაუმიანის კვეთიდან მიემართება ზღვის ნაპირისკენ, მაგრამ ადგილზე მისვლა, ნივთების დალაგება არ ჩანს კამერებში. ისე საეჭვოდ დაკეცილია და დადებულია, ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო გადაყვანილი, ეს დაგეგმილს ჰგავს, კითხვებს აჩენს, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს
სანაპიროზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში მუშაობენ სხვაგანაც. ჩვენ თუ დავუშვებთ იმ ვერსიას, რომ ბავშვი ზღვაში დაიხრჩო, თვითონ როგორც განმარტავენ, ამ სეზონზე, ცივი წყლის პირობებში, თურმე ზღვიდან გამორიყვა ვერ ხდება, მაგალითად, 100 პროცენტიდან თუ ხდება, 2-3 პროცენტი. ასეთი რაღაც დაუშვეს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თუმცა იყო ამ დღეებში სხვა მამაკაცის გამორიყვის ფაქტი. ჩვენ მაინც უფრო სხვა ვერსიებზე ვმუშაობთ, მე და ჩემი ბევრი კოლეგა ნაკლებად ვფიქრობთ, რომ ბავშვი ზღვაში დაიხრჩო, ყველა ვერსია განიხილება, ყველა ვერსია იურიდიული შეფასების ღირსია, ტელეფონებზე შემოსულ ყველა ინფორმაციას ვამოწმებთ. პოლიცია ცალკე, მეც დამოუკიდებლად ვიძიებ ამ საქმეს, როგორც ადვოკატი".
როგორც ადვოკატი ამბობს, ძალიან ბევრი ადამიანია ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული:
"ყველაფერი ცნობილია, დაიკითხა 80-მდე ადამიანი. სახლში პრობლემებთან დაკავშირებით რაიმე გამოკვეთილი ვერსია არ არის. ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ იკვეთება. ვიმედოვნებთ, რომ მალე გაირკვევა ყველაფერი და გამოჩნდება. ათასი ჭორი დადის ქალაქში, უამრავი ადამიანია დაკითხული, ვისაც ოდნავ რამე შეხება ჰქონდა, ყველა დაკითხულია. ზღვის გამორიყვა მიღრღნის გულს, მაგრამ ამით ვიწყნარებთ თავს, რომ ამდენი ხანი არ გამორიყა. მე მაინც იმედიანად ვარ ნაკლებად ვფიქრობ ამას, საქმის მასალებიდან არ იფიქრებ, რომ ბავშვი დაიხრჩო ან თავი მოიკლა, უფრო მეტად სხვა თემები მუშავდება, უფრო სხვა ვერსიებს განვიხილავთ. ჩვენ უფრო თბილისისკენ ვაკეთებთ აქცენტს. ვნახოთ, რა იქნება, ღმერთმა ქნას, კარგი ამბები გავიგოთ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ბავშვი ოჯახს" - ამბობს პაატა შავაძე.