„დაიტოვე“ — ინიციატივა რეგიონებიდან თბილისში ანტირუსულ აქციაზე ჩამოსულთათვის

2 weeks ago 10

რუსული კანონის მიმართ უწყვეტი პროტესტის ხელშესაწყობად, სოციალურ ქსელში ახალგაზრდებმა ახალი კამპანია წამოიწყეს. მათ, ვისაც რეგიონებიდან თბილისის აქციებში სურთ მონაწილეობა, თბილისში მაცხოვრებლები საკუთარ ჭერქვეშ ეპატიჟებიან.

სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შეიქმნა ჯგუფი ფეისბუკზე „დაიტოვე“. რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტში მონაწილეობისთვის, რეგიონებში მყოფ ხალხსა და თბილისში მაცხოვრებლებს შეუძლიათ აქ ერთმანეთი იპოვონ და საჭირო დახმარება გაუწიონ.

ყველაფერი მარიამ ბაბუნაშვილის ინიციატივით დაიწყო.

„გამარჯობა, ჩემი ორი მეგობარი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს, ჩამოდიან აქციაზე და შევთავაზე, რომ ჩემთან დარჩენილიყვნენ, ამხელა გზაზე წინ და უკან რომ არ ევლოთ. აქედან გაჩნდა იდეა, რომ რამდენიმე ადამიანის დატოვებას ჩემი სახლის მონაცემები იძლევა. ასე რომ, თუკი აქეთ გსურთ აქციას შემოუერთდეთ (რაიონული მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ ძალას შეგვმატებს), ჩემი კარი ორი-სამი ადამიანისთვის ღიაა,“ — დაწერა მარიამ ბაბუნაშვილმა ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში.

იდეა ბევრმა ადამიანმა აიტაცა. ნეტგაზეთთან საუბრისას მარიამი ამბობს, რომ მის სახლში 4 ადამიანი დარჩება. ორს აქამდე არ იცნობდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების მხარდაჭერა, მათ შორის, აქ, თბილისში. ჩვენი პროტესტი ბუნებრივია და გულწრფელი. არანაირ აგიტაციას, ხალხის დამატებით მოტივირებას არ საჭიროებს. ჩემ გარდა, რა თქმა უნდა, სხვა ძალიან ბევრი ადამიანიც გამოჩნდა და გამოჩნდება, ვისაც ამის მზაობა აქვს.

ძალიან ბევრნი ვართ. ერთმანეთს შეიძლება არ ვიცნობდეთ, მაგრამ ვიცით, რომ უამრავი ჩვენი თანამოაზრე დადის დედაქალაქში და სხვა ყველა დასახლებაში, რომელიც ებრძვის ხელისუფლების იდეას და ხედვას — „უკან რუსეთში“. ამიტომ გვჭირდება ერთობა. რეგიონებიდან ხალხი თვითონ მოჰყავს ხელისუფლებას. ჩვენთან ეს ხალხი თავისი ნებით და სურვილით დადგება,“ — გვეუბნება მარიამი.

  • „ადგილი არ მაქვს , მაგრამ მსუყე ვახშამზე შემიძლია დაგპატიჟოთ ხვალ და ზეგ”;
  • „უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს ჩვენი გამარჯვებით არ დასრულდეს. აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს. აქ დგას საქართველო. მადლობა ხალხო,“ — ეს სოციალურ ქსელში დაწერილი გამოხმაურებებია, როგორც კი ინიციატივა გაჟღერდა.

რა ხდება

დღეს, 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომისა და სესიის პარალელურად, 12:00 საათიდან პარლამენტის უკან, ხოლო 19:00 საათზე პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები იმართება.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, სესიაზე უნდა გაიმართოს მეორე მოსმენით კენჭისყრა, ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ შევა ძალაში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

სრულად წაკითხვა