WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების  ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ამის შესახებ მან დღეს, 2 ნოემბერს,  სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა მოახსენა სასამართლოს, რომ მასზე განხორციელდა ფსიქიკური და მორალური წამების ფაქტი მანამდე, ვიდრე საქმეზე დაიწყებოდა გამოძიება, იმ მიზნით, რომ მას ქრთამის აღების შესახებ მომავალი ბრალდება ეღიარებინა… საგამოძიებო ორგანო ვალდებული იყო გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე მასზე ზეწოლის განხორციელების თაობაზე. დღემდე გამოძიება დაწყებული არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ  ვაცხადებ და მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, რომელსაც ეს ექვემდებარება, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის მამუკა მდინარაძის მხრიდან ზეწოლას, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ მის მიერ ციხეში შეგზავნილ წერილსა და ახალი ბრალის აღიარებაზე საუბრობდა, ადვოკატი არ აკონკრეტებს.


„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს წარუდგინეს ახალი ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

ღარიბაშვილი პატიმრობას იხდის სხვა საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.