დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – საია

2 hours ago 3

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდგე მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.

ამის შესახებ ინფორმაცია ამაღლობელმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს მიაწოდა. ორგანიზაცია დგებუაძისთვის პოლიციელის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

ქურდოვანიძემ ამაღლობელი რუსთავის #5 დაწესებულებაში დღეს მოინახულა. რის შემდეგაც, პრესკონფერენციაზე მისი მდგომაროეობის შესახებ იფნორმაცია საზოგადოებას გააცნო.

“მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.

ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საია უწყებას მოუწოდებს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.

სრულად წაკითხვა