თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც პოლიციამ 29 ნოემბრის ღამეს დააკავა პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. დაკავებისას სასტიკად ნაცემი ზვიად რატიანი სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს - რომელ იზოლატორში გადაიყვანენ მას სასამართლო დარბაზიდან, ცნობილი არ არის.
ზვიადს მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე აქვს სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები.
2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი