დაკავებულთაგან ერთი არასრულწლოვანია, 5 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს — ომბუდსმენი

3 hours ago 2

11-12 იანვრის ღამეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი.

სახალხო დამცველის ცნობით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე.

„სამი მათგანის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. დაკავებულების უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. ოთხი დაკავებული პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც მიუთითებს“, — ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

11-12 იანვარს ბათუმში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ჯამში 12 ადამიანი დააკავა, მათ შორის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. აქედან რამდენიმე დაკავებული: ციალა ქათამიძე, ნანა შავაძე და თეონა ბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს მზია ამაღლობელიც, რომელიც მალევე ხელახლა დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

თბილისში კი უკვე მეორედ დააკავეს შშმ პირთა უფლებადამცველი და აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადვოკატი ილონა დიასამიძის ცნობით, ჯვარშეიშვილის დაკავებისას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ის ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

სრულად წაკითხვა