მასშტაბური პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე, რეზო კიკნაძე, რომელიც დაკავებულია და ამჯერად იზოლატორში იმყოფება, ციხიდან წერილს გზავნის, სადაც ჰყვება, როგორ აიძულებენ იზოლატორში კონკრეტული პოლიტიკოსების დასახელებას, თითქოს მათგან ფინანსდებოდა.
რეზო კიკნაძის წერილს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს. წერილის ადრესატი მრავალათასიანი ჯგუფი „დაიტოვეა“, რომელიც თავის დროზე სწორედ პროევროპული დემონსტრანტების თვითორგანიზებისა და ურთიერთდახმარებისთვის შეიქმნა და რომლის ადმინისტრატორების სახლებშიც გუშინ პოლიცია შევიდა.
„ამ წერილს ვწერ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. ვარ უკანონოდ დაკავებული. მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი და დამესახელებინა ადამიანები, ვითომდა ისინი მაფინანსებდნენ და მათ დავალებებს ვასრულებდი. მთხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად”, – წერს რეზო კიკნაძე.
კიკნაძის მეგობრები ჰყვებიან, რომ აქციებზე ის ყოველდღე რუსთავიდან ჩამოდიოდა. კიკნაძე 6 დეკემბერს გამთენიით დააკავეს და ჯგუფურ ძალადობის ორგანიზება/ხელმძღვანელობა/მონაწილეობას ედავებიან და 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატი და მეგობრები ეძებენ მოწმეებს, ვინც რეზოსთან ერთად იმყოფებოდა აქციებზე.
მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.
მეცხრე დღეა, ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში ყოველდღე. დემონსტრაციები, როგორც წესი, ძალადობრივად ირბევა გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. კრიმინალური პოლიცია დღისით ჩხრეკს, ცლის და ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეების ჩართულობისა და საჯაროობის გამო, წარუმატებლად ცდილობს პოლიტიკოსების, აქტივისტების დაკავებას.