თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია გორის საკრებულოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, იოსებ მუმლაძე. ინფორმაცია თავდაპირველად „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა. ფაქტს ადასტურებენ პროკურატურაში და ამბობენ, რომ მუმლაძე რამდენიმე თვის წინ დააკავეს.
უწყება ამბობს, რომ იოსებ მუმლაძე ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
„ქართლის ამბები“ წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მუმლაძეს მოქალაქეებმა უჩივლეს მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების მითვისებაზე.
იოსებ მუმლაძე 2024 წლამდე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის წევრი იყო. უფრო ადრე, 2004 წელს გორის გამგებლის პოსტს იკავებდა.
იოსებ მუმლაძე საზოგადოებას დაამახსოვრდა 2020 წელს, როცა მან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს Facebook პოსტით სოლიდარობა გამოუცხადა, შემდეგ კი პოსტი წაშალა.
ბელარუსში 2020 წელს მასშტაბური აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როცა ბელარუსის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ისევ ლუკაშენკო გამოაცხადა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალური გამარჯვებული სვეტლანა ტიხანოვსკაი იყო. პროტესტის დროს არაერთი ოპოზიციონერი და მოქალაქე დააკავეს, პოლიციამ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, ამ არჩევნების შემდეგ ბევრმა ოპოზიციურად განწყობილმა ქვეყანა დატოვა.
netgazeti