“დამნაშავეა არა მხოლოდ კონკრეტული სამართალდამცველი, არამედ სახელმწიფო“, – ასე ეხმაურება “სამართლიანი არჩევნების” იურისტი იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებზე ხორციელდება.
როგორც თეა თედლიაშვილი ამბობს, სახელმწიფო დაუსჯელობის ახალისებს ძალადობას.
“ყველა ფიზიკური ძალადობის განმახორციელებელი პირი უნდა იქნეს იდენტიფიცირებული და დაკავებული, ამისი რესურსი პოლიციას აქვს, თუმცა სამწუხაროდ არ არსებობს სახელმწიფოს ნება, იქონიონ სათანადო რეაგირება დანაშაულზე”.
თედლიაშვილის თქმით, საგანგაშო იყო ის კადრები, რაც მოქალაქეებმა პირდაპირ ეთერში ნახეს.
“ჩვენ თვალწინ მომხდარი მოვლენები განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიზანმიმართულად ხდება მედიის წარმლმადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა თანდასწრებით, რომელთაც არ აქვთ არანაირი რეაგირება. ასეთ შემთხვევაში დამნაშავეა არა მხოლოდ კონკრეტული სამართალდამცველი, არამედ სახელმწიფო, რომელიც დაუსჯელობით ახალისებს დამნაშავეებს“, – აღნიშნავს თედლიაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად ქმნის სიცოცხლისთვის საშიშ გარემოს ჟურნალისტებისთვის.
“იქ სადაც პრესის წარმომადგენლებს აქვთ ნიშანი, რომ ისინი წარმოადგენენ მედიას, დაუშვებელია რომელიმე პირის მიერ მოხდეს მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა მითუმეტეს ფიზიკური ანგარიშსწორება აქციაზე, სადაც ჟურნალისტები არ არიან ფიზიკური ანგარიშსწორებისგან დაცულები, ვერ იქნება დაცული ვერც ერთი ადამიანის კონსტიტუციური უფლება გამოხატოს თავისი პროტესტი. ომის პირობებშიც კი, პრესის წარმლმადგენლებზე თავდასხმა აკრძალულია და ამაზე თანხმდება მსოფლიო საზოგადოება”.
როგორც იურისტი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულების მტკიცებულებები არსებობს და მათი გამოძიება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.