თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას ასაჯაროებენ, რომლის მიხედვითაც, არსებული საექსპერტო დასკვნა სკოლის შენობის დემონტაჟის აუცილებლობას სათანადოდ ვერ ასაბუთებს.
მშობლების განცხადებით, დასკვნის თანახმად, შენობის მდგომარეობა სრულყოფილი ინსტრუმენტული კვლევით არ შეფასებულა, რის გამოც ამ ეტაპზე არ არსებობს საკმარისი საფუძველი მისი დანგრევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
ამავე დროს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შენობის ხელახალ ექსპერტიზას ატარებს.
მშობლებისა და პედაგოგების მტკიცებით, მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, მათ მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევენ.
სკოლის საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტმა სამხარაულის ბიუროს დასკვნაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოავლინა.
მშობლების ინფორმაციით:
- შენობის დაზიანებები ინსტრუმენტულად არ გაზომილა. დასკვნა მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ეფუძნება. ამასთან, 2023 წელს სამხარაულის ბიურომ იგივე დაზიანებები I ხარისხად შეაფასა, 2026 წელს კი — II–III ხარისხად, ცვლილების მიზეზების სათანადო დასაბუთების გარეშე.
- შენობისთვის IV კატეგორიის მინიჭება გაანგარიშებებით არ არის გამყარებული. დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული გამოთვლები.
- შეფასებისას გამოყენებულია შეუსაბამო სამშენებლო ნორმები. მშობლების განცხადებით, მსხვილბლოკიანი შენობა აგურის შენობისთვის დადგენილი კრიტერიუმებით შეფასდა.
- არ არის განხილული შენობის გამაგრების შესაძლებლობა. არ ჩატარებულა გამაგრებისა და ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების შედარებითი ანალიზი.
მშობლები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ დემონტაჟის რეკომენდაციიდან ცხრა დღეში სამხარაულის ბიურომ შენობის დროებითი გამოყენება დაუშვა და განმარტა, რომ ის ავარიულ მდგომარეობაში არ არის.
„ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ შენობა უსაფრთხოა. ჩვენ ვამბობთ, რომ შენობის რეალური მდგომარეობა არცერთ დასკვნაში გაზომვით არ დადგენილა. ბავშვების უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილება ფაქტებს უნდა დაეფუძნოს და არა ვიზუალურ დათვალიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მშობლები მოითხოვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დამოუკიდებელ, ინსტრუმენტულ სეისმურ შეფასებას, ყველა საექსპერტო დათვალიერებაში მათი ექსპერტის მონაწილეობას და სახელმწიფო უწყებებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას.
მათი ინფორმაციით, 15 ოქტომბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მშობლები, პედაგოგები, განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. თუმცა, როგორც საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, სახელმწიფო უწყებები დასმულ კითხვებს არ პასუხობენ, ხოლო სამხარაულის ექსპერტები სკოლაში ვიზიტების შესახებ მათ წინასწარ არ ატყობინებენ.
სასკოლო საზოგადოებას დღემდე არ მიუღია განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი გადაწყვეტილებები სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და შენობის დემონტაჟის შესახებ.
მშობლები ასევე ითხოვენ ინფორმაციას ალტერნატიული ფართის მოძიების, სკოლის მიმდებარედ მდებარე ცხინვალის თეატრის შენობის გადაცემისა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ.
რა ხდებოდა 21-ე სკოლის გარშემო ბოლო თვეებში
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის, ყოფილი მეექვსე გიმნაზიის, შესაძლო დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია 17 სექტემბერს გავრცელდა - სასწავლო წლის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ. სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს აცნობა, რომ შენობაში სწავლა უნდა შეწყვეტილიყო.
გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სამხარაულის ეროვნული ბიუროს 10 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შენობას ვარგისიანობის IV კატეგორია მიენიჭა. ექსპერტმა მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურად მიიჩნია და სრული დემონტაჟის რეკომენდაცია გასცა.
სკოლის შესაძლო დანგრევასა და 1200-ზე მეტი მოსწავლის სხვა შენობებში გადაყვანას მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა.
18 სექტემბერს სკოლასთან პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა, მომდევნო დღეებში კი აქციები გაგრძელდა. სასკოლო საზოგადოება გადაწყვეტილების გადახედვას, დამოუკიდებელ ექსპერტიზასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფას მოითხოვდა.
რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, 24 სექტემბერს, განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსწავლეები 2026–2027 სასწავლო წელს არსებულ შენობაში დაასრულებდნენ. სასწავლო პროცესი 28 სექტემბერს განახლდა.
გადაწყვეტილების შეცვლას წინ უძღოდა სამხარაულის ბიუროს დამატებითი განმარტება, რომლის მიხედვითაც, შენობა ავარიული არ არის და მისი დროებითი გამოყენება შესაძლებელია. ამასთან, ბიურომ კონკრეტული სარემონტო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაცია გასცა.
ოქტომბერში სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფასადის სარემონტო სამუშაოები დაიწყო. თუმცა შენობის საბოლოო ბედი კვლავ გაურკვეველია.
14 ოქტომბერს განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მშობლების საინიციატივო ჯგუფმა განაცხადა, რომ უწყებები სამხარაულის ბიუროსგან ახალ, ინსტრუმენტულ დასკვნას ელოდნენ. სწორედ ამ დასკვნაზე უნდა იყოს დამოკიდებული, სკოლას გაამაგრებენ და რეაბილიტაციას ჩაუტარებენ თუ მის დემონტაჟსა და ახალი შენობის მშენებლობას გადაწყვეტენ.
მშობლების თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ განმეორებით ექსპერტიზაში მათ მიერ შერჩეული სპეციალისტიც ჩაერთვებოდა.
ამ ეტაპზე სკოლის მშობლები და მასწავლებლები მოითხოვენ, რომ შენობის მომავალთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ სრულყოფილი ტექნიკური კვლევის საფუძველზე მიიღონ და დემონტაჟამდე აუცილებლად შეფასდეს შენობის გამაგრების შესაძლებლობა.
radiotavisupleba ახალი ამბები