დამსახურებული ჯილდო ავთანდილ მახარაძეს

4 days ago 8

1avto maxaradzeთეატრისა და კინოს მსახიობს ავთანდილ მახარაძეს დამსახურებული ჯილდო “საპატიო პრომეთე” გადაეცა.   ჯილდო ხელოვანს თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური დახურვის დღეს  მიენიჭა.

ავთანდილ მახარაძე დაჯილდოვდა ქართულ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. პრიზის გადაცემა მსახიობისთვის შარშან იყო დაგეგმილი, მაგრამ ფესტივალის ნაწილობრივ გაუქმების გამო დაჯილდოება გასულ წელს არ შედგა.

„საპატიო პრომეთეს“ გადაცემამდე დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას უჩვენეს შალვა შენგელის და ირინე ჯავახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სავსე სიცარიელე“ ავთანდილ მახარაძის მონაწილეობით.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული მსახიობმა მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა მხატვრულ ფილმებში, მუშაობდა ცნობილ რეჟისორებთან: მერაბ კოკოჩაშვილთან, ქართლოს ხოტივართან, საშა რეხვიაშვილთან, რეზო ჩხეიძესთან, მიხეილ კალატოზიშვილთან.

ხელოვანის სამსახიობო კარიერის მწვერვალია ვარლამ და აბელ არავიძეების როლები თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“. 1987 წელს მას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ავთანდილ მახარაძის მიერ შესრულებული როლები რუსთაველის თეატრის სცენაზე ყოველთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო, ისევე როგორც მისი მოღვაწეობა სატელევიზიო თეატრში, სადაც მან ითამაშა თემურ ჩხეიძის გახმაურებულ სპექტაკლში “ჯაყოს ხიზნები”.

მსახიობს ფილმებში გადასაღებად ახალგაზრდა რეჟისორებიც იწვევენ. ბოლო წლებში მან ითამაშა ზაზა რუსაძის და რევაზ გიგინეიშვილის ფილმებში, ასევე, ანა ურუშაძის ფილმში “საშიში დედა”, რომელიც 2017 წელს თბილისის კინოფესტივალის ოქროს პრომეთეს მფლობელი გახდა.

სრულად წაკითხვა