ექსკლუზივი
აზერბაიჯანში 20-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დააპატიმრეს, როგორც თავად აცხადებენ, მათი საქმიანობისთვის - მათზე შურისძიების მიზნით. თუმცა ზოგიერთი მათგანი მუშაობას გისოსებს მიღმაც აგრძელებს.
დაახლოებით ოცი ჟურნალისტი ზის ამჟამად ნავთობით მდიდარი, ავტორიტარული მმართველობის მქონე აზერბაიჯანის ციხეში - ქვეყნისა, რომელსაც ოც წელზე მეტია მართავს ალიევების დინასტიის წარმომადგენელი, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მაგრამ ჟურნალისტებს თავისი საქმის კეთება ვერც ციხეში გამოკეტვით შეაწყვეტინეს.
“ამბები შეიძლება ყველგან იპოვო. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაკავების ცენტრში ხარ, სადაც ყველაფერი გასაიდუმლოებულია“, - ამბობს ელნარა გასიმოვა, საგამოძიებო საიტ Abzas Media-ს ჟურნალისტი. დაპატიმრებულმა, ინტერნეტზე წვდომის არმქონე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა რადიო თავისუფლებას გაუზიარეს საკუთარი ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ აშუქებდნენ ამბებს პატიმრობაში ყოფნის დროსაც.
29 წლის გასიმოვა 2024 წლის იანვრიდან არის დაკავებული რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის ფულის კონტრაბანდისა და გათეთრების ბრალდებით. ის და სხვა დაკავებული ჟურნალისტები უარყოფენ მათ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს აზერბაიჯანში, რომელსაც საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები ადანაშაულებენ სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვასა და გამოხატვის თავისუფლების მასობრივ აკრძალვაში.
მთავრობის პასუხი
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო, სულ მცირე, სამი სხვადასხვა მედიასაშუალების - Toplum TV-ს Meydan TV-ს და Kanal 13-ის ჟურნალისტები. ასევე დააკავა RFE/RL-ის ჟურნალისტი ფარიდ მეჰრალიზადა და ახლახანს აკრედიტაციები გაუუქმა BBC-ს VOA-ს Bloomber-ის ჟურნალისტებს. ასევე, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-საც.
ბაქომ უარყო პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული კრიტიკა. 2024 წლის აპრილში ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა უნდა დაიცვას თავისი მედიასივრცე, მისი სიტვებით, "უცხოეთის უარყოფითი გავლენისგან" და რომ "ყველა უნდა დაემორჩილოს კანონებს".
რამდენიმე დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, რომელთა განცხადებით, მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოელით “შეთითხნილი ბრალდებებისთვის“, გადაწყვიტა გააგრძელონ მუშაობა საკნიდანაც. გასიმოვამ, მაგალითად თქვა, რომ მას არ შეეძლო გაჩუმება და იმის დაიგნორება, რაც მის გარშემო ხდება. მან უკვე გამოაქვეყნა ისტორიები პატიმართა მიმართ მოპყრობის, სამედიცინო დახმარების არარსებობისა და ძალადობის შემთხვევების შესახებ.
ციხიდან გამოგზავნილ წერილობით ინტერვიუში გასიმოვამ რადიო თავისუფლებას უამბო, როგორ უთხრეს მას დაკავების ცენტრში მიყვანისთანავე: “გარეთ შენ იყავი ჟურნალისტი, მაგრამ აქ - არა”.
„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჟურნალისტები ყველგან ჟურნალისტები არიან და სანამ ჩვენ დაკავებულები ვართ, აქ არსებული უკანონობა - ადამიანის უფლებების დარღვევა, უკანონო ქმედებები, კორუფცია, ძალადობა და ა.შ. - არ დარჩება დამალული“, - თქვა მან.
თავის უახლეს ანგარიშში,, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა (HRW) გააკრიტიკა აზერბაიჯანში არსებული ის ვითარება, რომელსაც უწოდებს “დაკავებულთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ნიმუშს”. ამ განცხადების მტკიცებულებად კი ორგანიზაციას მოჰყავს Abzas Media-ს დაპატიმრებული დირექტორის, ულვი ჰასანლის რეპორტაჟი, რომელშიც მან აღწერა სავარაუდო წამების ან არასათანადო მოპყრობის სულ მცირე 58 შემთხვევა დაკავების ცენტრში, სადაც თავად იმყოფებოდა.
„დაკავების ცენტრში ახალი ამბების მოსამზადებლად, მთავარია, ყურადღებით დავაკვირდეთ ყველაფერს - მახვილი ყურით და ფართოდ გახელილი თვალებით“, - თქვა გასიმოვამ და დასძინა, რომ ასევე სასარგებლოა კანონის სწორად წაკითხვა. კანონების ციხის რეალობასთან შედარების შედეგად, ჟურნალისტებისთვის გაადვილდა დარღვევების აღმოჩენა და მათი ამბებად გადაქცევა, თქვა მან. მაგრამ ეს არ არის ადვილი სამუშაო.
„ჩვენი სატელეფონო ზარები ისმინება და როცა დაკავების ცენტრის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ვცდილობთ, ტელეფონი ითიშება“, - განაცხადა გასიმოვამ. მან არ გაამჟავნა, თუ როგორ აწვდიან ამბებს ციხიდან გარესამყაროს.
გასიმოვას თქმით, ნათესავებს არ ეძლევათ მათთან ვიზიტისას კალმის ან ბლოკნოტების შეტანის უფლება. „ყველაფერს ართმევენ“, - ამბობს ჟურნალისტი.
მისი მთავარი რედაქტორი, სევინჯ ვაგიფგიზი პოლიციამ ბაქოს აეროპორტში დააკავა, როცა ის სტამბოლიდან ბრუნდებოდა 2023 წლის ნოემბერში, რასაც ის ელოდა კიდეც.
ვაგიფგიზი მანამდეც არაერთხელ დაუკავებიათ, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წელს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მისთვის დაკისრებული ხუთწლიანი მოგზაურობის აკრძალვა უკანონო იყო. 35 წლის ვაგიფგიზიმ ასევე გადაწყვიტა, რომ ციხიდანვე გაეგრძელებინა რეპორტაჟების მომზადება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მასალები ჩვენზე ზეწოლას და მეთვალყურეობას აძლიერებს, ისინი ასევე იწვევს დადებით ცვლილებებს სხვა დაკავებულებისთვის”, - წერს იგი RFE/RL-სთვის გაგზავნილ წერილში.
ვაგიფგიზის თქმით, Abzas Media-ს მიერ მომზადებული რეპორტაჟების შედეგად, დაკავების ცენტრის თანამშრომლები თავს იკავებენ ძალადობრივი ქცევებისგან, რადგან იციან, რომ ეს გამოაშკარავდება.
ვაგიფგიზი ასევე შენიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დაკავებულებისთვის განკუთვნილი ნივთების მითვისების შესახებ დაწერეს, მათ გადაეცათ.ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი, რაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ. ჟურნალისტების თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ ისინი ციხიდანაც აგრძელებენ რეპორტაჟების მომზადებას.
„ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით შეგვაჩერონ. მაგრამ მათი მეთოდები ვერ გვაიძულებს, შევწყვიტოთ იმის კეთება, რასაც სწორად მივიჩნევთ,“ – განაცხადა გასიმოვამ.
მასალა მომზადებულია
RFE/RL-ის აზერბაიჯანული სამსახურის და მაია ზივანოვიჩის მიერ.
პროდიუსერი
ვოიტეკ გროჯეკი