დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად, ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ – ხოშტარია ალბუთაშვილს

2 hours ago 3

19.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზაქრო ალბუთაშვილს, რომელმაც მისი სოლიდარობისთვის შიმშილობა დაიწყო. ხოშტარია მოუწოდებს ალბუთაშვილს, შიმშილობის და დასუსტების ნაცვლად, იმკურნალონ, გაძლიერდნენ და ისე გააგრძელონ ბრძოლა.

გარდა ამისა, ხოშტარია პერსონალურად მიმართავს პედიატრ გოგი ჩახუნაშვილს, რომელსაც დღეს, 19 ივნისს, ალბუთაშვილთან და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირთან ერთად 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

“პირველ რიგში, სრული მხარდაჭერა და თანადგომა 4 ოქტომბრის სრულიად უნამუსო და უკანონო საქმეზე მისჯილებს. ბატონ გოგი ჩახუნაშვილს, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებულ სიყვარულს ვუგზავნი. უკიდურესად შეწუხებული ვარ ზაქრო ალბუთაშვილის მდგომარეობით. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და ძალიან გთხოვთ დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად, პირიქით, ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ”, – წერს ხოშტარია.

66 წლის ზაქრო ალბუთაშვილმა, რომელიც რამდენიმე წელია სიმსივნეს ებრძვის, მისთვის განაჩენის გამოტანამდე თქვა, რომ შიმშილობას იწყებს.

“ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, სანამ ჩვენი დროის უახლესი გმირი, უდანაშაულო პოლიტიკური პატიმარი, ქალბატონი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება პატიმრობიდან. ქალების დამცირება დაიწყეთ?! ქართველებო… ვაგრძელებ და მოვკვდები ციხეში. წამმზომი ჩართულია”, – განაცხადა ალბუთაშვილმა სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, 17 ივნისს, ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ციხეში სათანადოდ არ მკურნალობენ, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმდება და შესაძლოა, უახლოეს მომავალში ეტლის გარეშე გადაადგილება ვეღარ შეძლოს.

12 ივნისის სხდომაზე პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ ზაქრო ალბუთაშვილმა მას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა. ალბუთაშვილი მზად იყო წარდგენილი ბრალი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების მცდელობა – ეღიარებინა და მოენანიებინა, რათა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა 22 ბრალდებულის მსგავსად, დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ. ამ მიზეზით, 12 ივნისის სხდომა ერთი კვირით, 19 ივნისამდე გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე ალბუთაშვილმა განაცხადა, რომ “სინანულის შეგრძნება არ მაქვს. ვერ მოვიპოვე ეს დალოცვილი სინანული”. ამიტომ, უარი თქვა საპროცესოს გაფორმებაზე. მას, სხვა ბრალდებულების მსგავსად, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ალბუთაშვილისა და ჩახუნაშვილის გარდა, ხოშტარია მიმართავს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკოსებს ადა მოქალაქეებს. ხოშტარიას თხოვნაა, შეწყდეს მხოლოდ მის გათავისუფლებაზე საუბარი, რადგან “ეს აძლევს ბერკეტს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შანტაჟი”.

დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტს პოლიტიკოსსა და მოქალაქეს მხარდაჭერისთვის.

ყველას მინდა მოგმართოთ თხოვნით, ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს აძლევს ბერკეტს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შანტაჟი. მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია. მე ვიქნები თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. არცერთ ვითარებაში ბიძინაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად. აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, ამაზე არ იდარდოთ. ვკონცენტრირდეთ მთავარზე – რეჟიმის ჩამოშლაზე.

ხვალ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – 20 ივნისი, როდესაც რუსებმა ნათლად დაინახეს ქართველი ხალხის მრისხანება, ჩვენი შეურაცხყოფის შედეგად. დაზარალდნენ ადამიანები და მათ შორის, მათთვისაც გრძელდება ბრძოლა. კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა რეჟიმის ყველა ტყვეს და მადლობა სოლიდარობისთვის”, – წერს ხოშტარია.

სრულად წაკითხვა