დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვნები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები

2 weeks ago 9

2

სახალხო დამცველის აპარატი განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში:

„არასრულწლოვნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში, რაც გარანტირებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით. აღნიშნული უფლებები უზრუნველყოფს არასრულწლოვნების გამოხატვის, შეკრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თავისუფლებას.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება პატივს სცემდეს და იცავდეს არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას, შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო ბავშვების უფლებების რეალიზებისთვის. სასწავლო პროცესში ბავშვების მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით სკოლის დატოვების სურვილის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ.

დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვნები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები, ამასთან დაუშვებელია არაუფლებამოსილი პირის შესვლა სასკოლო ტერიტორიაზე ბავშვებისადმი საგაკვეთილო პროცესის დატოვების მოწოდებით და სასწავლო პროცესის ხელშეშლა.

მოვუწოდებთ საგანმანათლებლო დაწესებულებს დაიცვან ბავშვის უფლებები, უზრუნველყონ ერთი მხრივ უსაფრთხო და მშვიდი სასწავლო გარემო და მეორე მხრივ პატივი სცენ არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას.

ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ბავშვების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებასა და ვალდებულებას.

სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეულ შემთხვევას და ყველა მათგანზე ექნება შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში“

სრულად წაკითხვა