„დაუწესეთ სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკოსებს“ — ესტონეთის პარლამენტის მოწოდება

3 hours ago 1

ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ქართული დემოკრატიის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სალომე ზურაბიშვილის, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის დასაცავად და მხარდასაჭერად.

განცხადებას ესტონეთის პარლამენტის 59-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 9 პარლამენტარი იყო.

როგორც ესტონეთის პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს განვითარებას, ხმას იმაღლებდა და იმაღლებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის.

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი სულ უფრო დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს რუსეთის აქტივობებს, რომელიც აღვივებდა ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციას და უხეშად ერეოდა საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში. გასული წლის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ძალადობისა და დაშინების ატმოსფეროში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მმართველი პარტია „ქართული ოცნება”, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, ამ თაღლითური არჩევნების შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებისთვის“, — ნათქვამია ესტონეთის პარლამენტის განცხადებაში.

ესტონეთის პარლამენტი არ აღიარებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს მის „ძალისხმევას, რომ დაასრულოს კონსტიტუციური კრიზისი ქვეყანაში“.

ესტონეთის პარლამენტი ამ განცხადებით ასევე მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც მოითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას და მიიჩნევს, რომ ამის გარეშე, საქართველოში არსებული კრიზისიდან გამოსვლა, დემოკრატიის აღდგენა შეუძლებელია. გარდა ამისა ესტონეთის პარლამენტი გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით გამოყენებულ სასტიკ რეპრესიულ ზომებს და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ესტონელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ სხვა დემოკრატიული ქვეყნების პარლამენტებს, რომ დაგმონ საქართველოს მმართველი რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები. მოუწოდებენ ევროპულ კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დააწესონ სანქციები „ოცნების“ პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, აღკვეთონ კომუნიკაცია საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის ინსტიტუტებთან, სანამ არ დაიგეგმება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; მხარი დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას, რომელნიც, დევნის მიუხედავად, იბრძვიან თავისუფლებისთვის.

„ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და ევროკავშირში საქართველოს მომავალს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა