4
დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ” – ამის შესახებ “ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი მიწერილი ღია წერილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის მტკიცებით, “ძალიან კარგი, მათ შორის, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი გაბედული ტონით შეუძლია საუბარი”.
ამასთან, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირაკლი კობახიძისთვის წერილზე პასუხის არ დაბრუნების ფაქტსაც ეხმაურება და ირწმუნება, რომ “დუმილი, რომელიც აშშ-ის მხრიდან მოდის, არის გაურკვევლობა, მათ შორის “დიფ სთეითის” წინააღმდეგ ბრძოლაში”.
ძალიან კარგია, მათ შორის, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, მესიჯები გახმოვანებული მათ მიერ და გაცილებით ადრე ჩვენ მიერ, ერთი- ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე.
ამას თავისი მიზეზები აქვს. ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყანამ, იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვს დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მისი ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოსა და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. სანამ ეს არ იქნება განმარტებული, ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცვლილი, მანამდე მთელ მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში ვისაც კი ეს ხმა მიწვდება, დაისმება შეკითხვა, რატომ ხდება, რომ პოზიციათა აბსოლუტური თანხვედრის მიუხედავად, ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გახმოვანებულა.
რაც შეეხება „MEGOBAR აქტს“, ხავსია ქართული აგენტურული ოპოზიციისთვის. „დიფ სთეითს“ ერთი მხრივ ებრძვის ახალი ადმინისტრაცია, მეორე მხარეა, რომ რაღაც აქტებს იღებენ. თუ იქნება მოქმედებაში მოყვანილი როდისმე, რა „დიფ სთეითის“ დამარცხებაზეა საუბარი, პირიქით ხდება. ეს აქტი არის ხავსი წყალწაღებული ოპოზიციისთვის, მაგრამ როგორც მინიმუმ ის დუმილი, რომელიც აშშ-ის მხრიდან მოდის, არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩვენ თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ ხმამაღლა თამამად შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ ჩვენ მართლები ვართ საკუთარ საზოგადოებასთან და მერე ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში. როცა მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, როგორც მინიმუმ დუმილის სახით, ამასთან დაკავშირებით დღეს შეგვიძლია, რომ თამამად ვილაპარაკოთ და ვლაპარაკობთ ამაზე, ჯერ კულისებში, შემდეგ საჯაროდ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.