დემოკრატი კანონმდებლები ტრამპს: ცვლილებები ჩუმად არ უნდა ხდებოდეს

3 hours ago 1

სამშაბათს, 4 თებერვალს დემოკრატმა კანონმდებლებმა გააფრთხილეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ ისინი მთავრობის ბიუჯეტის შესახებ დაგეგმილ განხილვას ბერკეტად გამოიყენებენ, ამერიკის სამთავრობო სააგენტოებში ადმინისტრაციული ცვლილებების შესაჩერებლად.

დემოკრატების ეს განცხადება ილონ მასკის ხელმძღვანელობით მოქმედი, ახლადშექმნილი უწყების, "დოჯის" - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) გადაწყვეტილებას მოჰყვა. უწყებამ ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გააუქმა და ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაუქვემდებარა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს სააგენტოს საქმიანობის გადახედვა, რათა დარწმუნდნენ, რომ USAID-ი მოქმედებს "ამერიკა უპირველს ყოვლისა" პრინციპით.

"ის, რასაც DOGE აკეთებს, დემოკრატია არაა. ვიცით დემოკრატია რაცაა, ეს საიდუმლო არ არის, ყველაფერი ჩვენს თვალწინაა",- განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა.

დემოკრატებს შეუძლიათ ამერიკის მთავრობის ზოგიერთი ცვლილების შეჩერება იმით სცადონ, რომ მთავრობის 2025 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხმა არ მისცენ. მოკლევადიანი ბიუჯეტი, რომელიც კონგრესმა ბოლოს დაამტკიცა, მთავრობის დაფინანსებას მხოლოდ 14 მარტამდე უზრუნველყოფს და ამის შემდეგ ახალი ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. მას მხოლოდ რესპუბლიკელების ხმები არ ეყოფა და საჭიროა, რომ დემოკრატებიც თანახმა იყვნენ ბიუჯეტის იმ ფორმით დამტკიცებაზე, რა ფორმითაც ის კენჭისყრაზე გავა.

ორშაბათს, 3 თებერვალს, დემოკრატები USAID-ის დახურულ ოფისებთან შეიკრიბნენ და ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

„თუ გსურთ შეცვალოთ სააგენტო, შემოიტანეთ კანონპროექტი და მიიღეთ კანონი“, - თქვა დემოკრატმა სენატორმა ბრაიან შატცმა. "თქვენ არ შეგიძლიათ აღმასრულებელი ბრძანებით, ან ფაქტობრივად შენობაში შეჭრით და სერვერების ხელში ჩაგდებით, დაშალოთ სააგენტო, რომელიც არ მოგწონთ, ან რომელსაც არ ეთანხმებით. ამერიკული მმართველობის სისტემა ასე არ მუშაობს",- თქვა სენატორმა.

USAID ამერიკის საგარეო დახმარების პროგრამებში ათობით მილიარდ დოლარს მართავს.

"კონსტიტუცია მოითხოვს, რომ დაფინანსება დაიხარჯოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მიერ", - თქვა სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა. "კონსტიტუცია მოითხოვს, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს პასუხისმგებლობა, იზრუნოს კანონების ერთგულად შესრულებაზე. ასიგნებების პროცესში მიღებული ხელშეკრულებები კანონია და როცა ეს კანონები ირღვევა, ირღვევა კონსტიტუციაც",- თქვა ჯეფრისმა.

თუმცა, კონგრესის რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

”მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ხურავენ სააგენტოს. ვთვლი, რომ მათ აქვთ უფლება გადახედონ დაფინანსებას და იმას, თუ როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები და რა პრიორიტეტები ფინანსდება”, - განუცხადა ჟურნალისტებს 4 თებერვალს სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნიმ. "ვფიქრობ, რომ ეს ალბათ ასე ხდება ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში. როდესაც ისინი მუშაობას იწყებენ [გადახედავენ პროგრამებს], არის უამრავი პროგრამა, რომელიც ავტორიზებულია და ფინანსდება ამ სააგენტოს მეშვეობით, ზოგი, ჩემი აზრით, მუშაობს ისე, როგორც იყო განკუთვნილი, ზოგიც - არა",- თქვა სენატორმა.

სრულად წაკითხვა