სხვიტარიძე საბოლოო სიტყვით მომდევნო ოთხშაბათს, 3 სექტემბერს ისარგებლებს და ამავე დღეს გამოცხადდება მისი განაჩენი. პროცესი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 10:30 საათზე დანიშნა.
„ყოჩაღად, საბა, გვიყვარხარ!“ - ასე დაემშვიდობნენ საბა სხვიტარიძეს დარბაზში შეკრებილები.
შემსუბუქებული ბრალდება
- პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებულ აქტივისტს პროკურატურა 24 ივლისამდე ედავებოდა „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას“.
- ეს ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- თუმცა წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 24 ივლისს გაიმართა, პროკურატურამ მისი ბრალდება შეამსუბუქა და ახლა მას სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან.
- ეს მუხლი გულისხმობს „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“, რამაც ჯანმრთელობის „ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია“.
- ეს ბრალდება ისჯება ჯარიმით, 6 თვემდე გამასწორებელი სამუშაოთი, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე პატიმრობით.
სხვიტარიძის დაკავება
საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.
პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შეიკრიბა შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი.
დღევანდელ სხდომაზე სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა თქვა, რომ გამოძიება არ ჩატარებულა ობიექტურად.
„ეს საქმე წავა სტრასბურგში“ - ადვოკატი
მან ჩამოთვალა მიზეზები, მათ შორის „საქმეში ნეიტრალური მოწმეების ჩვენებების არარსებობა“.
ადვოკატის თქმით, გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა არ გამოითხოვა „ქორთიარდ მარიოტის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, არ გამოითხოვა მედიებიდან პირდაპირი ეთერის ტრანსლაციები, ერთადერთი 29-წამიანი ვიდეო, რომელიც საქმეში მტკიცებულებად დევს, მან ჩამოტვირთა „ვინმე ტატო მაისურაძის“ სოციალური ქსელიდან, მან არ გამოჰკითხა ეს კონკრეტული ადამიანი, არ დაადგინა, ვიდეო დამონტაჟებული იყო თუ არა, არ დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.
ადვოკატის თანახმადვე, ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
ჩომახაშვილის თქმით, ვიდეოში, რომელიც საქმეს ერთვის და რომელშიც არ არის შესაძლებელი საბა სხვიტარიძის იდენტიფიცირება, ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი მირიან ქავთარაძე, - რომელზე თავდასხმასაც ედავება გამოძიება საბა სხვიტარიძეს, - თავად ძალადობდა მოქალაქეებზე.
ამასთან, ადვოკატის თანახმად, საბა სხვიტარიძე „აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა“, რისი კანონიერი უფლებაც ჰქონდა.
„სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ეს საქმე ყველა შემთხვევაში წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სახელმწიფო მტკიცების ტვირთს ვერ აწევს“, - განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა ჩომახაშვილმა.
„როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები წაიკითხავენ ამ საქმეს, ის მაინც წაიკითხონ, რომ ადამიანი პატიმრობაში არ გაუშვეს... ბატონო მოსამართლე, გადაწყვეტილებაში, რომელსაც თქვენ მიიღებთ, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა ნეიტრალური მტკიცებულებები და ნეიტრალური მოწმეები“, - მიმართა მან მოსამართლე ტყეშელაშვილს.