მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „აგენტების“ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს

2 weeks ago 9
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, 25 ივნისი, 2018. ფოტო: ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა 2 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „სინანული“ გამოხატა იმის გამო, რომ საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მან მოუწოდა ქართველ დეპუტატებს, კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაელოდონ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი რეკომენდაციები გაითვალისწინონ, რადგანაც „მნიშვნელოვანი წუხილები“ არსებობს ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან კანონის შესაბამისობის თაობაზე.

განცხადებაში ბურიჩი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო და გმობს თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. „დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლების მშვიდობიანი გზით გამოყენება“, – აღნიშნა მან.  

მისი თქმით, „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტად“.

გენერალურმა მდივანმა ბურიჩმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო მზადაა, დაეხმაროს საქართველოს „ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა