დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი წარუდგინეს

1 hour ago 3

პროკურატურის განცხადებით, ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით,  ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს და უკანონო შემოსავლის გასათეთრებლად, აქტივები საქართველოში გადმოიტანეს.

პროკურატურის ცნობით, ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულებმა უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა.

„ფულის გათეთრების მიზნით, რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით და ფიქტიური დანიშნულებების მითითებით, პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა.

ასევე, ფულის გათეთრების მიზნით, მათ ქართულ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების მცირე ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით გადარიცხეს საზღვარგარეთ, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ხოლო უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იქნა დაყადაღებული.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით – ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის და 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებენ.

სრულად წაკითხვა