გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოსთან დაკავშირებულ ექვს პირს – მათ შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილ და ახლად დანიშნულ ლიდერებსა და კრემლის მომხრე ოთხ ფიგურას სანქციები დაუწესა იმ საქმიანობისთვის, რომელიც „საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას“.
სანქცირებულ პირთა შორის არიან: ალან გაგლოევი, ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი; მარატ კამბოლოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ რეგიონის ახალ დე ფაქტო ლიდერად „აირჩიეს“; მამუკა ფიფია, კრემლის მომხრე პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი; გიორგი ირემაძე, პრორუსული შეხედულებების მქონე კომენტატორი და აღნიშნული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი; ნიკოლოზ მჟავანაძე, რუსულენოვანი, პრორუსული ტელეარხ „სეზონის“ დამფუძნებელი; და პაატა აბულაძე, კრემლის მომხრე ფიგურა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის ნათესავია.
„დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ პირს – მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს – რომლებიც ჩართულნი არიან პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებაში; ეს მოიცავს როგორც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციას, ასევე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ადმინისტრაციებში მუშაობას“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ 1 ოქტომბერს გავრცლებულ განცხადებაში.
თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა ასევე სანქციები დაუწესა სერგეი ტოლმაჩოვს – რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლისა და ზაპოროჟიეს რეგიონების „გუბერნატორის მოადგილეს“.
„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატება. მათ შორისაა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ოკუპაციის გაგრძელება“, – განაცხადა საელჩომ.
მისი თქმით, „დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით“.
„დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო“, – დასძინა მან.
This post is also available in:
civil ახალი ამბები