"დინამო ჩემი ოჯახია, დაბრუნებით დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ" - ვლადიმერ კაკაშვილი

1 week ago 6

დინამო თბილისის ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილი იქნება.

ვლადიმერ კაკაშვილი 2011-დან 2024 წლის ჩათვლით დინამოს აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. დინამო 2-თან ერთად კი ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა.

დინამოში დაბრუნებამდე ვლადიმერ კაკაშვილი სამტრედიას მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მან გუნდს 14 თამაშში უხელმძღვანელა, საიდანაც 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 6 შეხვედრაში დამარცხდა.

დინამოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ვლადიმერ კაკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა:

დინამო ჩემი ოჯახია და ჩემი ეს დამოკიდებულება პირველივე შეხვედრისას დავაფიქსირე, რომ მე ოჯახში დავბრუნდი. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს და ხელმძღვანელობას.

ის გზა, რომელიც დინამოს აკადემიიდან დღემდე გავიარე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. უამრავი გამოცდილება დავაგროვე და შემიძლია ვთქვა, რომ აკადემიაში საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავე. თქვენ იცით თუ რა დონის ფეხბურთელები გაიზარდნენ ჩვენს ხელში და რა დონეზე ასპარეზობენ ახლა ისინი.

რამდენიმე წლის უკან პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო ის წარმატება, რასაც ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია, მაგრამ ამ ზაფხულს ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს რეალური და შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ამ წარმატებაში ჩვენს აკადემიას უდიდესი როლი აქვს, ამიტომ ჩემი აზრით სწორი მუშაობით იგივე შედეგის მიღწევა საკლუბო დონეზეც შესაძლებელია.

მხოლოდ აკადემიის ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენი სურვილია შევქმნათ გუნდი სადაც გამოცდილი ფეხბურთელებიც იქნებიან და აკადემიის გამორჩეული მოთამაშეებიც. ვფიქრობ, რომ ამ გზით კლუბიც იხეირებს და თავად ნიჭიერი ფეხბურთელებიც, რადგან ისინი გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად უფრო სწრაფად და სწორად განვითარდებიან.

მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა იქნება, მზად ვართ სამუშაოდ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დინამო თბილისმა ისე ითამაშოს როგორც მას ეკადრება.

მთავარ მწვრთნელთან ერთად ცნობილია მისი შტაბი:

ასისტენტები - დავით ჭიჭვეიშვილი, დავით ბოლქვაძე, გიორგი ხიდეშელი. მეკარეების მწვრთნელი - რევაზ თევდორაძე.

ფიზ. მომზადების მწვრთნელი - რიკარდო დე ვივო. ანალიტიკოსები - ოთარ გაგნიძე, ნუგო ბარბაქაძე.

ვლადიმერ კაკაშვილი თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად უკვე შეუდგა მუშაობას, შემადგენლობაში მოსალოდნელი სიახლეებისა და გუნდის მზადების შესახებ კი დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ.

სრულად წაკითხვა