„დიპ სტეიტი“ - რა დგას „ოცნების“ ახალი გზავნილის მიღმა

15 hours ago 3

„ქართულ ოცნებას“ ახალი მეტოქე ჰყავს. 20 დეკემბრის პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, რომელიც ადრე “ოცნებასა” და მიის დამფუძნებელთან, „გლობალური ომის პარტიის“ დაპირისპირების შესახებ საუბრობდა, ისრები „დიპ სტეიტისკენ“ მიმართა. კობახიძის მტკიცებით, თავის დროზე „დიპ სტეიტის“ ერთი ზარით, „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენება გადაიფიქრა, ახლა კი მას აღარ ემორჩილება და დონალდ ტრამპის იმედი აქვს, რომ „დიპ სტეიტს“ საბოლოოდ დაამარცხებს.

რას ნიშნავსდიპ სტეიტი“?

ტერმინი „დიპ სტეიტი“ (deep (ღრმა) state (სახელმწიფო)) ინგლისურიდან მოდის, მისი ყველაზე ზუსტი ქართული შესატყვისი კი, ალბათ, „ჩრდილოვანი სახელმწიფო“ იქნებოდა.

სანამ ინგლისურენოვან სივრცეში შეაღწევდა, ეს ტერმინი საქართველოსთან ბევრად უფრო ახლოს, თურქეთში დაიბადა.

მოკლე კონტექსტი: მე-20 საუკუნეში თურქეთს თავისებური სახელმწიფო მოწყობა ჰქონდა. 1923 წელს, ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელმა მამამ, მუსტაფა ქემალ ათათურქმა, სეკულარული რესპუბლიკა ჩამოაყალიბა.

ათათურქი 1938 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც თურქეთში სეკულარული მოწყობის მთავარ გარანტად ჯარი იქცა - რესპუბლიკის დაარსების პირველ 80 წელიწადში, თურქეთის არმიამ ოთხი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. ისინი სამოქალაქო ხელისუფლებას მაშინ იშორებდნენ, როცა თვლიდნენ, რომ არჩეული პოლიტიკოსები ზედმეტად უახლოვდებოდნენ პოლიტიკურ ისლამს ან კომუნიზმს და ამით ქემალისტური რესპუბლიკის სადამფუძნებლო პრინციპებს ღალატობდნენ.

მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მისი გარდაცვალებიდან 84 წლის თავზე, ანკარა, 2022 წელი

მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მისი გარდაცვალებიდან 84 წლის თავზე, ანკარა, 2022 წელი

სწორედ ამ ქსელს, რომელიც სამხედრო ოფიცრებისა და მათი სამოქალაქო მოკავშირეებისგან შედგებოდა და ხშირად კანონგარეშედ მოქმედებდა, უწოდეს „ჩრდილოვანი სახელმწიფო“, თურქულად derin devlet, ინგლისურად - „დიპ სტეიტი“.

მოგვიანებით, იგივე ტერმინით მოიხსენიებდნენ მსგავს ქსელებს სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, ეგვიპტესა და პაკისტანში, სადაც ჩრდილოვანი ფიგურები დემოკრატიულად არჩეულ პოლიტიკოსებს ჩაგრავდნენ.

დონალდ ტრამპი დადიპ სტეიტი

მას შემდეგ, რაც „დიპ სტეიტის“ ცნებამ ინგლისურენოვან სივრცეშიც შეაღწია, ბევრი სხვა რამის მსგავსად, დანარჩენ მსოფლიოს მოედო.

დასავლურ კონტექსტში ამ ტერმინმა განსაკუთრებული აქტუალობა 2016 წელს აშშ-ში დონალდ ტრამპის პირველად გაპრეზიდენტების შემდეგ მოიპოვა.

აქტიურ პოლიტიკაში ჩართვისთანავე, დონალდ ტრამპმა თავი ანტი-ელიტურ, ანტი-ისტებლიშმენტის პოლიტიკოსად წარმოადგინა - ისეთად, რომელიც უპირისპირდებოდა გაბატონებულ პოლიტიკურ, ფინანსურ და კულტურულ ელიტებს.

მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ის იყო, რომ „ჭაობს დააშრობდა“ - ჭაობში კი იგულისხმებოდნენ ვაშინგტონის გავლენიანი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკას წლების განმავლობაში წარმართავდნენ.

2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპმა ისტებლიშმენტის არაერთი წარმომადგენელი დაამარცხა - რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებში მოუგო ბუშების პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელ ჯებ ბუშს, უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნებში კი ჰილარი კლინტონს - კიდევ ერთი გავლენიანი ოჯახის წევრს.

გაპრეზიდენტების შემდეგ, ტრამპი უკმაყოფილებას არ მალავდა იმით, რაც მორიგ წინაღობად მიაჩნდა - ბიუროკრატიით.

ტრამპისთვის ეს პრობლემა არ იარსებებდა, რომ არა აშშ-ის 1871 წლის საჯარო სამსახურის რეფორმა. თუ იქამდე აშშ-ის პრეზიდენტი ბიუროკრატებს თავისი ნებით ნიშნავდა ან ათავისუფლებდა, 1871 წლის რეფორმამ ეს ყველაფერი გაართულა - ამერიკელი საჯარო მოხელეებს გამოცდებით ირჩევდნენ, მათი გაშვებისთვის კი მხოლოდ პრეზიდენტის სურვილი აღარ კმაროდა. ამგვარად ჩამოყალიბდა კარიერული საჯარო მოხელეების კლასი, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების მიუხედავად საქმიანობას აგრძელებდა.

ირაკლი კობახიძემ "დიპ სტეიტს" დააბრალა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. თავად ტრამპს ასეთი რამ არასდროს უთქვამს.

ირაკლი კობახიძემ "დიპ სტეიტს" დააბრალა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. თავად ტრამპს ასეთი რამ არასდროს უთქვამს.

დონალდ ტრამპი პირველი საპრეზიდენტო ვადისას არაერთ საჯარო კონფლიქტში ჩაერთო ყოფილი თუ მოქმედი საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებსაც საბოტაჟში ადანაშაულებდა და იყო შემთხვევები, როდესაც მათ „დიპ სტეიტის“ წევრობს უწოდებდა.

ამ კონფლიქტის კულმინაცია ტრამპის მიერ პირველი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს იმ განკარგულების გამოცემა იყო, რომელიც საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათ ნაცვლად სასურველი კადრების აყვანას აადვილებდა.

ეს განკარგულება დღემოკლე აღმოჩნდა - ის უმალვე გააუქმა პრეზიდენტმა ბაიდენმა. თუმცა ბიუროკრატიის მიმართ ტრამპის გულისწყრომა არსად წასულა. 2023 წელს მან წარმოადგინა 10 პუნქტიანი გეგმა „დიპ სტეიტის დასაშლელად და ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად“. გეგმის პირველი პუნქტი ბაიდენის მიერ გაუქმებული მისი განკარგულების აღდგენაა.

მეორე პუნქტში კი ვკითხულობთ, რომ ტრამპი გეგმავს „ფედერალური დეპარტამენტების და სააგენტოების გადახალისებას და ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის აპარატიდან ყველა კორუმპირებულის გაყრას“.

ამ ფონზე, ნაკლებად გასაკვირია, რომ ირაკლი კობახიძემ „გლობალური ომის პარტია“ ჩაანაცვლა „დიპ სტეიტით“, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტისთვის უფრო გასაგები ფრაზით.

„მთელი ამ 4 წლის განმავლობაში „დიპ სტეიტი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასე ხშირად ვისმენთ ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“, - თქვა კობახიძემ 20 დეკემბრის ბრიფინგზე.

შეთქმულება თუ რეალობა?

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი წესით არ არჩეული ბიუროკრატიის როლი დასავლურ, დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემებშიც დიდია, „დიპ სტეიტის“ ცნებას ხშირად იყენებენ შეთქმულების თეორიებში.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსპირაციაა, რომ რეალური ძალაუფლების სადავეები არა არჩეულ პოლიტიკოსებს, არამედ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ფიგურებს უპყრიათ.

ამას აღიარებს ინგლისელი პოლიტტექნოლოგი დომინიკ კამინგსიც. ის ანგლო-საქსურ სივრცეში ბიუროკრატიის გადაჭარბებული ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია.

კამინგსი, რომელიც „ბრექსიტის“ კამპანიის არქიტექტორი იყო და მოგვიანებით პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავარი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, დასავლელ პოლიტიკოსების უმეტესობას ფასადურობაში სდებს ბრალს.

დომინიკ კამინგსი. 2019 წელს ბრექსიტის შესახებ გადაღებულ ფილმში მისი როლი ბენედიქტ კამბერბაჩმა ითამაშა

დომინიკ კამინგსი. 2019 წელს ბრექსიტის შესახებ გადაღებულ ფილმში მისი როლი ბენედიქტ კამბერბაჩმა ითამაშა

„მედია წარმოაჩენს, რომ ერთი მინისტრი ასე ფიქრობს, მეორე ისე, მესამე კიდევ სულ სხვანაირად და ამ სამს შორის დიდი უთანხმოებაა. სინამდვილეში, თითქმის ყოველთვის, [ამ მინისტრებს] არავითარი შეხება აქვთ არაფერ მნიშვნელოვანთან“, - თქვა კამინგსმა ერთ-ერთ პოდკასტში.

წამყვანის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ „დიპ სტეიტი“ არსებობს, დომინიკ კამინგსი პასუხობს:

„ვფიქრობ, სამართლიანია იმის თქმა, რომ არსებობს ღრმად დამკვიდრებული ინსტიტუტები, რომლებიც სინამდვილეში ბევრ რამეს აკონტროლებენ, მინიმალური დემოკრატიული ზედამხედველობით, ან სულაც ცოდნით. რა თქმა უნდა, არსებობს შეთქმულების თეორიები „დიპ სტეიტზე, მაგრამ ეს ორი რამ უნდა გავმიჯნოთ. „დიპ სტეიტი“ ნამდვილია“ - ამბობს კამინგსი და იქვე დასძენს:

„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაზეც წაიკითხავთ, „დიპ სტეიტის“ გამო ხდება ან ბიუროკრატები შეთქმულებას აწყობენ დემოკრატიული პოლიტიკის წინააღმდეგ.

ამდენად ეს ფრაზა [დიპ სტეიტი] პრობლემურია, რადგან არ უნდა წაახალისო იდეა, რომ არსებობს ბიუროკრატების ზოგადი შეთქმულება, ამოატრიალონ დემოკრატიული პოლიტიკა. ყველაფერს კი ის ართულებს, რომ ხშირად ძალიან კარგ, აზრიან და ჭკვიან საჯარო მოხელეებს, რომლებიც გულწრფელად დგანან საჯარო სამსახურში, იმაზე ბევრად უკეთ ესმით რა ხდება, ვიდრე არჩევნებით მოსულ იდიოტებს”.

სრულად წაკითხვა