WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი „სუვერენული“ და „პრაგმატული“ საგარეო პოლიტიკის საჭიროებას, და მოუწოდეს ქართველ დიპლომატებს, დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი როგორც მტრებთან, ისე მეგობრებთან ურთიერთობისას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი დიპლომატები, ასევე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.

ცერემონიის გახსნისას ბოჭორიშვილმა დიპლომატიური სამსახური ერთდროულად პრივილეგიად და პასუხისმგებლობად შეაფასა და ხაზი გაუსვა დიპლომატების როლს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წარმოდგენაში.

„ურთულეს რეგიონში და სწრაფად ცვალებად თანამედროვე გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენი სახელმწიფოსთვის ბრძოლა დღესაც არანაკლებ რთულია. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი დიპლომატია იყოს“, – განაცხადა მან.

ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „ორი რეგიონის ოკუპაციის პირობებში ქართველი დიპლომატების უმთავრესი მისია მშვიდობის შენარჩუნება და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებზე საერთაშორისო მხარდაჭერის განმტკიცებაა“.

„ჩვენი არჩევანი მშვიდობაა, ხოლო მშვიდობის დაცვა ისე, რომ არასოდეს დავთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ინტერესები, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა“, – დასძინა მან.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს ისტორიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის გადარჩენა როგორც სამხედრო სიმამაცეზე, ისე დიპლომატიურ სიბრძნეზე იყო დამოკიდებული.

„იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრივი უწყვეტობა, ქრისტიანული სულიერება და ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენს ერს სჭირდებოდა არამხოლოდ ბრძოლის ველზე გამოვლენილი გამორჩეული სიმამაცე, არამედ უმაღლესი რანგის დიპლომატიური სიბრძნე – ზოგჯერ სტრატეგიული მოთმინება, ზოგჯერ კი უაღრესად ფრთხილი, გააზრებული და პრაგმატული მანევრირება“, – განაცხადა მან.

„ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ გეკისრებათ უდიდესი მისია გაატაროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები და განამტკიცოთ საქართველოს, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლობიანი პარტნიორის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე“, – დასძინა ყაველაშვილმა.

კობახიძემ ხაზი გაუსვა მთავრობის ერთგულებას „თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული“ საგარეო პოლიტიკის კურსისადმი.

„ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს“, – აღნიშნა მან.

საგარეო ურთიერთობებში არსებულ ახალ გამოწვევებზე საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ მათზე ერთადერთი პასუხი იქნება „სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება“.

This post is also available in: English