ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, კესტუსის ბუდრისის განცხადებით, მათ მიერ სანქცირებულ ქართველ პირებს სანქციები ევროკაშირმაც უნდა დაუწესოს.
ამის შესახებ მან დღეს, 16 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
საქართველოს საკითხი ერთ-ერთია, რასაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.
როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ამბობს, დიპლომატიური ვიზების შეზღუდვა მინისტრი მინიმუმია, რაც ევროკავშირს შეუძლია, რომ „ქართული ოცნების“ საპასუხოდ გააკეთოს.
„ლიეტუვამ უკვე დაუწესა სანქციები 30-მდე პირს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ დააწესოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე საკითხის უვიზო რეჟიმი – ჩვენ უნდა ავკრძალოთ დიპლომატიური პასპორტი იმ მოხელეებისთვის, რომლებიც მას ფლობენ, ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ. ასევე უნდა გავაგზავნოთ ძლიერი მესიჯი, რომ ეს აკრძალვა მომავალში შესაძლოა გაფართოვდეს.
მესამე საკითხია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთან ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვა, ასევე ყველა ინსტიტუციური მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან და ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება ამ ინსტიტუტებისთვის.
მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი მესიჯი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ. ჩვენ ამისთვის გვჭირდება ფინანსური პაკეტი, რომ ვაჩვენოთ ამაზე სერიოზულად ვსაუბრობთ. ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია, ახლა ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მესიჯი, რომ ევროპა არ მიგატოვებთ, ევროპა თქვენთანაა და თქვენ ევროპას სჭირდებით. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს დღესვე“, – განაცხადა კესტუსის ბუდრისმა.
ლიეტუვამ და ესტონეთმა „ქართული ოცნების“ 30-მდე მაღალჩინოსანი დაასანქცირა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატთა სიაში შეიყვანა ლატვიამაც.