04.09.2026
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით.
დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია, „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში“,- განაცხადა სარჯველაძემ.
გარდა ამისა, სარჯველაძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტთან დაკავშირებითაც ელოდებიან კომპანიას და დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ.
„შეამჩნევდით, რომ გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი, რაც ძირითადად უკავშირდებოდა ჩვენს პრინციპულ პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი და დაზღვეული იყოს მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობები და მოვალეობები“, – თქვა სარჯველაძემ.
netgazeti