WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გურამ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით „მკაცრი რეჟიმის კოლონიაში“ პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ მას უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლის“ სტატუსით ბრძოლა ედება ბრალად.

რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, ჭიჭინაძემ უკრაინის შეიარაღებული ძალების 28-ე მექანიზებულ ბრიგადასთან „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი“ 2022 წლის ოქტომბერში, ოდესის ოლქში მდებარე შტაბში გააფორმა. ამავე ინფორმაციის თანახმად, მას გადაეცა „უნიფორმა, ჯავშანჟილეტი, კავშირგაბმულობის საშუალებები და პირადი იარაღი“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭიჭინაძემ „მიკოლაივის ოლქში სამხედრო მომზადება გაიარა, რის შემდეგაც, როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა, შიდა და სადარაჯო სამსახურის მოვალეობებს ასრულებდა, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიმართულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა“.

უწყების ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში ჭიჭინაძემ საბრძოლო ზონა დატოვა და კიევში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ანაზღაურების სახით „თითქმის 400 000 რუბლი“ მიიღო. პროკურატურამ აღნიშნა, რომ 2024 წლის თებერვალში იგი ფრონტზე დაბრუნდა და „უკრაინის შეიარაღებული ძალების 115-ე მექანიზებულ ბრიგადაში ტყვიამფქვეველად მსახურობდა“. იმავე თვეში იგი რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს.

ოკუპირებული დონეცკის ხელისუფლებამ მსგავსი განაჩენები ადრეც გამოუტანა საქართველოს რამდენიმე სხვა მოქალაქეს, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის რიგებს შეუერთდნენ.

This post is also available in: English