დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე იმედოვნებენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას

11 hours ago 3

14 იანვარს კატარში განახლდა მოლაპარაკება ღაზაში ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად - მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება ახლოსაა. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

მიმდინარე მოლაპარაკებებში გათვიცნობიერებული პირი სააგენტოს ატყობინებს, რომ შუამავლებმა ისრაელს და ჰამასს 13 იანვარს გადასცეს შეთანხმების პროექტის საბოლოო ვერსია. შუაღამისას იუწყებოდნენ "გარღვევაზე" მოლაპარაკებებში, რომელსაც ესწრებიან როგორც ბაიდენის, ისე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები.

პალესტინელმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ შეთანხმება, წესით, 14 იანვარს უნდა გაფორმდეს, "თუ ყველაფერი კარგად წავა".

კატარის პრემიერ-მინისტრის, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის მასპინძლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ტრამპის მიერ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში წარმომადგენლად დანიშნული პირი, სტივ ვიტკოფი და ბაიდენის წარმომადგენელი, ბრეტ მაკგერკი. ისრაელის წარმომადგენლები არიან დავიდ ბარნეა, სადაზვერვო სამსახურის, მოსადის დირექტორი და რონენ ბარი, საშინაო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი.

"შეთანხმება ... გაათავისუფლებს მძევლებს, შეაჩერებს ბრძოლას, ისრაელს მიანიჭებს უსაფრთხოებას და ჩვენ საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელებისთვის, რომლებსაც დიდი ტანჯვა მიადგათ ჰამასის მიერ დაწყებულ ამ ომში" - თქვა ბაიდენმა 13 იანვარს.

წარმატების შემთხვევაში, რამდენიმე ეტაპად ჩამოყალიბებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეაჩერებს ბრძოლას, რომელმაც ღაზა გააჩანაგა, შეიწირა ათი ათასობით პალესტინელი, ღაზის მოსახლეობის უმრავლესობა უსახლკაროდ აქცია და კვლავ ათობით ადამიანს იმსხვერპლებს, მიმდინარე ბრძოლებში.

ეს, თავის მხრივ, უფრო ფართო მნიშვნელობით შეამსუბუქებდა დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში, სადაც ამ ომმა ბიძგი მისცა კონფლიქტებს დასავლეთის სანაპიროზე, ლიბანში, სირიაში, იემენსა და ერაყში და გაზარდა შიში სრულმასშტაბიან ომზე ისრაელსა და ირანს შორის.

ისრაელი დაიბრუნებს მძევლებს იმ 100-მდე პირიდან, რომლებიც კვლავ ტყვეობაში რჩებიან, 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შემდეგ - რომელიც წინ უძღვოდა ღაზის ომს. საპასუხოდ, ისრაელი გაათავისუფლებს დაკავებულ პალესტინელებს.

ისრაელის წარმომადგენელი ამბობს, რომ შეთანხმების პირველი ეტაპი მოიცავს 33 მძევლის გათავისუფლებას - მათ შორის ბავშვების, ქალების - ქალი სამხედროების ჩათვლით, 50 წელზე მეტი ასაკის კაცების, დაჭრილების და ავადმყოფების. ისრაელი თანდათან და ნაწილობრივ გაიყვანს თავის ძალებს.

პალესტინელთა წყარო ამბობს, რომ პირველი ფაზის დროს ისრაელი გაათავისუფლებს 1000 პალესტინელ პატიმარს. შეთანხმების პირველი ფაზა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ისრაელმა ღაზაზე შეტევა დაიწყო მას მერე, რაც ჰამასის ხელმძღვანელობთ მოქმედმა მეომრებმა ისრაელზე მიიტანეს იერიში, დახოცეს 1200 ადამიანი და დაატყვევეს 250-ზე მეტი პირი, ისრაელის მონაცემებით.

მას მერე ისრაელის ძალებმა ღაზაში იმსხვერპლეს 46 000-ზე მეტი პალესტინელი - პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად.

სრულად წაკითხვა