ცნობილი ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა და მუშაობდა, შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ უშედეგოდ, კვალს ვერ მიაგნეს. მეცნიერი შვეულმფრენს თავად მართავდა და ის მარტო იყო. როგორც ყვებიან, ნაპირს უახლოვდება, როცა მოულოდნელად გაუჩინარდა.
ცოტნე ჯავახიშვილის მეგობრები დღემდე ელიან, რომ გამოჩნდება, ამიტომ მასზე წარსულ დროში ვერ საუბრობენ
„მასზე წარსულში არც არავინ ილაპარაკებს, იყო კი არა, არის! ცოტნე ჯავახიშვილი – ეს სახელი და გვარი ბავშვობიდან ჩამებეჭდა გონებაში და სულ ჩემთან დარჩება. ბრწყინვალე პიროვნება, დიდი მეცნიერი (ბიოლოგი), ნიჭიერი კაცი, ერთგული მეგობარი და ნათესავი, საოცარი მამა; სიცოცხლეშივე ლეგენდა, მორიდებული, თავმდაბალი, როგორც ყველა არისტოკრატი, ნამდვილი ჯენტლმენი; ყველა კითხვაზე პასუხი აქვს, რადგან ბევრს კითხულობს და სულ ახლის ძიებაშია. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ყველაფერი იცის. არც სამშობლოს სიყვარული ეშლება, ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს. მასთან საუბარი საინტერესო და სასიამოვნოა, რასაც ხიბლს მატებს ხმის უჩვეულო ტემბრი და ცისფერი თვალები… უყვარს ექსტრიმი, მოუსვენარია. ახლა დროებით მიიმალა… გამოჩნდება, აბა, რას იზამს! ცოტნე, გელოდებით!!!“ – წერს ცოტნე ჯავახიშვილის მეგობარი, ფილოლოგი მანანა ციცქიშვილი.
ცოტნე ჯავახიშვილი ივანე ჯავახიშვილის შვილთაშვილი გახლდათ, თუმცა ამის შესახებ არასოდეს საუბრობდა.