დრონებით იერიშების გამო რუსეთში ნავთობის გადამუშავება შემცირდა

2 months ago 23

ბოლო პერიოდში უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, რუსეთის ტერიტორიაზე რუსული ენერგეტიკული ობიექტებია. გასული კვირების განმავლობაში კიევმა რუსულ ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. იერიშები განხორციელდა "როსნეფტის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, რომელმაც წარმოების პროცესი ნაწილობრივ შეაჩერა.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმებიდან გამომდინარე რუსეთში, სულ მცირე, შვიდმა ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეამცირა, რაც მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 7 პროცენტია, 370,500 ბარელი დღეში.

გასული 24 საათის განმავლობაში, სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურზეც, სადაც გაჩენილმა ხანძარმა სადგურის ორი ბლოკი მწყობრიდან გამოიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ როსტოვის გუბერნატორი ავრცელებს. ვასილ გოლუბევი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს, რომ გაჩენილი ხანძრის შედეგად თბოელექტროსადგური შეფერხებით მუშაობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს როსტოვის თავზე, რუსეთის ეს ოლქი უკრაინას ესაზღვრება.

სააგენტო „ბაზა ტელეგრამი“, რომელიც ახლო კავშირშია რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან, წერს, რომ ენერგობიექტზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას და ცეცხლი თბოელექტროსადგურს, დრონის აფეთქების შემდეგ გაუჩნდა. უკრაინის ხელისუფლებას ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ნოვოჩერკასკი ერთ-ერთი უდიდესი თბოელექტროსადგურია რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში, მისი მფლობელი „ოგკ2“-ია, რომელსაც რუსული ენერგეტიკული გიგანტი "გაზპრომი" აკონტროლებს.

სრულად წაკითხვა